Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით შეტევა იყო, მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში

რუსეთის საჰაერო დარტყმებით გამოწვეული ნგრევა უკრაინის სუმის ოლქში (საილუსტრაციო ფოტო)
რუსეთის საჰაერო დარტყმებით გამოწვეული ნგრევა უკრაინის სუმის ოლქში (საილუსტრაციო ფოტო)

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანეს რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლია სუმის და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.

დარტყმის ერთ-ერთი სამიზნე იყო სუმის ოლქის ქალაქი კონოტოპი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი. დაზიანებულია სახლები და კომუნალური ინფრასტრუქტურის ობიექტები. კონოტოპს გაზის, ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეუწყდა.

სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა ზნობ-ნოვგოროდის რაიონში, სადაც რუსული დრონი სახლს მოხვდა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა დნეპროპეტროვსკის ოლქის პავლოგრადის, სინელნიკოვის და ზელენოდოლის რაიონებში. დაზიანებულია მრავალბინიანი სახლი და სამაშველო სამსახურის შენობა, დანგრეულია ორი კერძო სახლი, მაღაზია და ფერმა.

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 11 ივნისს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს ორი ბალისტიკური რაკეტით და 221 უპილოტო საფრენი აპარატით. ადგილობრივი დროით დილის რვა საათისთვის დადასტურებული იყო 195 დრონის მოგერიება და რაკეტებით და 21 დრონით პირდაპირი დარტყმა 9 ადგილზე.



ფორუმი

XS
SM
MD
LG