საქართველოს პროკურატურის ცნობით, გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ათეულობით ადგილზე: გაჩხრიკეს ადამიანები, მათი სამუშაო სივრცეები და ავტომობილები. გარდა ამისა, ყადაღა დაედო 173 სატრანსპორტო საშუალებას, ძვირადღირებულ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხებს.
სამი ქვეყნის ერთობლივი ოპერაციით, 10 ივნისს აჭარაში დააკავეს უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე.
„გამოძიებებით დადგენილია, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი - ფსევდონიმით AudiA6, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებდა, ინტერნეტსივრცეში კიბერდამნაშავეების და სხვა კრიმინალებისთვის უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული კრიპტოვალუტის გათეთრებას - დანაშაულის კვალის სამართალდამცავებისგან დაფარვას, რაშიც იღებდნენ სოლიდურ სარგებელს. 2022-2025 წლებში, უკანონო საქმიანობის ფარგლებში, AudiA6-ის წევრების მიერ გათეთრებულია რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა“, - თქვა ბექა კვიციანმა, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ.
მისივე სიტყვებით, დანაშაულებრივი ჯგუფი მართავდა ფორუმს დასახელებით Dark2Web-ი, რომელიც „გამოიყენებოდა უკანონო სერვისების რეკლამირებისა და მსოფლიოს მასშტაბით კიბერკრიმინალების ერთმანეთთან დასაკავშირებლად“.
ბექა კვიციანმა, საქართველოს პროკურატურის სახელით, მადლობა გადაუხადა ევროჯასტისა და ევროპოლის წარმომადგენლებს:
„საქართველოს პროკურატურა ადასტურებს საკუთარ პატივისცემას ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის, პოლონეთის რესპუბლიკის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიუროსა და ლოძის პროკურატურის წარმომადგენლების მიმართ და კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტიანი თანამშრომლობისთვის“.
ფორუმი