Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი გმობს მიგრანტების მიმართ „გულგრილობას“

პაპმა ლეონ XIV-მ ათასობით მიგრანტის ხსოვნის პატივსაცემად, კუნძულ გრან-კანარიაზე ყვავილების გვირგვინი ჩააგდო წყალში. 11 ივნისი, 2026 წელი
პაპმა ლეონ XIV-მ ათასობით მიგრანტის ხსოვნის პატივსაცემად, კუნძულ გრან-კანარიაზე ყვავილების გვირგვინი ჩააგდო წყალში. 11 ივნისი, 2026 წელი

პაპმა ლეონ XIV-მ 11 ივნისს ესპანეთის კანარის კუნძულებზე ვიზიტის დროს დაგმო მიგრანტების მიმართ „გულგრილობა".

ლეონ XIV გულისხმობდა სახიფათო არარეგულარულ მარშრუტებს, რომელთა გზითაც მიგრანტებს ევროპაში მოხვედრა სურთ.

პაპმა ყვავილების გვირგვინი ჩააგდო წყალში, არქიპელაგამდე მიღწევის მცდელობისას დაღუპული ათასობით ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად.

ეს კათოლიკეთა მამამთავრის ესპანეთში მოგზაურობის მეექვსე დღეა. მან არაერთხელ გაუსვა ხაზი მიგრანტების მდგომარეობას.
ლეონი ეწვია არგუნეგუინის პორტს კუნძულ გრან-კანარიაზე, სადაც შეხვდა მიგრანტებს და მათ დამხმარეებს, სანამ მიგრანტების ნავების ხისგან დამზადებული ჯვრის კურთხევას დაიწყებდა.

„დღესაც ამ ზღვაში ურჩხულები იმალებიან: მაფიები, რომლებიც სასოწარკვეთით ხეირობენ, ტრეფიკერები, რომლებიც ქალებსა და ბავშვებს მონებად აქცევენ და ისინი, ვისი გულგრილობაც ღარიბების და მათი დავიწყების ექსპლუატაციის ნებას იძლევა”, - განაცხადა ლეონმა პორტში გამართულ ცერემონიაზე.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ წელს აფრიკიდან კანარის კუნძულებამდე მიმავალ გზაზე თითქმის 1200 ადამიანი დაიღუპა ან დაიკარგა, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სასიკვდილო მიგრაციულ მარშრუტად აქცევს.

გრან-კანარიის პორტთან 2020 წელს 3 ათასზე მეტ მიგრანტს ღია ცის ქვეშ ან დროებით თავშესაფრებში ეძინა.

ორშაბათს ესპანეთის პარლამენტში მიმართვისას, ლეონი გამოვიდა მოწოდებით იმიგრაციისთვის „უსაფრთხო და კანონიერი გზების“ შექმნისკენ და მიგრანტებისთვის „პატივისცემით დახვედრისა და ინტეგრაციის რეალური შესაძლებლობების უზრუნველყოფისკენ".

პაპის ვიზიტი იმ დროს მიმდინარეობს, როდესაც სოციალისტი პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის მთავრობამ დაახლოებით 500 000 არალეგალი მიგრანტის რეგულარიზება დაიწყო, რაც ევროპის კავშირში არსებული ტენდენციის საწინააღმდეგოა.

რომის პაპის ვიზიტი დასრულდება12 ივნისს კუნძულ ტენერიფეზე, სადაც ის ასევე მიგრანტთა ცენტრს მოინახულებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG