Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსხვერპლი, ნგრევა - რუსეთმა უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანა, დრონებით შეტევა იყო რუსეთზეც

რუსული დრონებით შეტევის შედეგად დანგრეული სახლი ნიკოლაევში. 2026 წლის 12 ივნისი
რუსული დრონებით შეტევის შედეგად დანგრეული სახლი ნიკოლაევში. 2026 წლის 12 ივნისი

უკრაინაში 12 ივნისსაც მსხვერპლი, ნგრევა და ხანძრები მოჰყვა რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევას.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის, რკინიგზის და საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციების მიერ 12 ივნისს დილით გავრცელებული ცნობებით, მსხვერპლი და ნგრევაა სუმის, ნიკოლაევის, ზაპოროჟიეს და კიევის ოლქებში.

სუმის ოლქის შოსტკის რაიონში დრონებით შეტევა იყო რკინიგზაზე. დაიღუპა რკინიგზის სადგურის ოპერატორი ქალი და დაშავდა სადგურის მორიგე.

დრონებით და არტილერიით შეტევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა ზაპოროჟიეს ოლქში. დაზიანებული ან დანგრეულია 60-ზე მეტი სახლი და სხვა სამოქალაქო ობიექტი.

უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმის შედეგად, სულ მცირე, სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა ქალაქ ნიკოლაევში, სადაც დანგრეულია ორი კერძო სახლი და ათზე მეტი დაზიანებულია. დაზიანდა სატრანსპორტო საწარმოს შენობაც.

რუსული დრონებით შეტევის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა კიევის ბორისპოლის რაიონში, ინფრასტრუქტურის ობიექტზე. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურს, რომლის ცნობითაც, დილის რვა საათისთვის ხანძარი ლიკვიდირებული იყო, კონკრეტული ობიექტი არ დაუსახელებია.

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 12 ივნისს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 117 უპილოტო საფრენი აპარატით. ადგილობრივი დროით დილის რვა საათისთვის დადასტურებული იყო 102 დრონის მოგერიება და 14-ით პირდაპირი დარტყმა 7 ადგილზე.

გასული ღამის განმავლობაში დრონებით შეტევა იყო რუსეთის რეგიონებსა და ანექსირებულ ყირიმზეც. დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, 231 უკრაინული საფრენი აპარატი მოიგერიეს.

რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის ხელისუფლებამ 12 ივნისს დილით განაცხადა, რომ ქალაქ ნიჟნეკამსკში დრონი მოხვდა სახლს, სადაც სამი ადამიანი დაშავდა და დაზიანებულია საწარმოც. კონკრეტული საწარმო არ დაუსახელებიათ.

  • ნიჟნეკამსკში მდებარეობს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ადრე არაერთხელ იყო უკრაინის თავდაცვის ძალების სამიზნე.

უკრაინული ტელეგრამ-არხების ცნობით, 12 ივნისს დრონებით შეტევა იყო რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ ტოლიატიში მდებარე ქიმიურ საწარმოზე, სადაც ხანძარი გაჩნდა.

გამოცემა „კრიმსკი ვეტერის“ ინფორმაციით, ანექსირებულ ყირიმში აფეთქებები იყო რამდენიმე რაიონში, მათ შორის საკის სამხედრო აეროდრომის მახლობლად. ქალაქ სიმფეროპოლში ხანძარი გაჩნდა იმ რაიონში, სადაც ელექტროსადგური მდებარეობს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG