„ყველას მიმართ უნდა დადგეს პასუხისმგებლობა, ვინც იყო იმ დროს სტუდიაში: „სიმღერის აკადემიის“ წარმომადგენლები, ტელევიზიის თანამშრომლები და ექვსი მშობელი. გამოძიება უნდა დაიწყოს და ნახონ, ვინ დაინახა და არ დაეხმარა... მითხრეს, რომ იმდენად მაღალი საჯარო ინტერესის საგანი გახდა, თავისითაც შეიძლება დაიწყოს გამოძიებაო“, - უთხრა 10 წლის ანკას დედამ რადიო თავისუფლებას.
როგორც მან აღნიშნა, ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ მიუმართავს. მისი სიტყვებით, ამას გააკეთებს იმ შემთხვევაში, თუკი მის შვილთან იმ დროს მყოფი ადამიანები, რომლებსაც უმოქმედობაში ადანაშაულებს, სინანულს არ გამოხატავენ:
„უნდა მოუხადონ ბოდიში ჩემს შვილს, ჩემს ოჯახს და მოზარდებს, რომლებიც თავიანთი უმოქმედობით დააზარალეს“.
10 წლის ბავშვის დედა ამბობს, რომ წაქცევის დროს მის შვილს თითები ეღრძო და ფიქსატორში აქვს ჩასმული. მისივე მონაყოლის მიხედვით, ბავშვთან მუშაობს ფსიქოლოგიც.
9 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "დღე პირველ არხზე", რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და რომელშიც "სიმღერის აკადემიის" შემსრულებლები იყვნენ მიწვეული, ანსამბლის ზრდასრულ წევრებთან ერთად ბავშვების სიმღერის დროს 10 წლის ანკა მოწყვეტით დაეცა.
ბავშვის დაცემის კადრი პირდაპირ ეთერში შეუმჩნეველია, ჩანს მხოლოდ ანსამბლის წევრი რამდენიმე ბავშვის რეაქცია - ისინი ქვემოთ იყურებიან, თუმცა ყველა აგრძელებს სიმღერას. ანკას ვარდნა სიმღერის დაწყებიდან 50-ე წამზე ჩანს ვიდეოში, რომელსაც ერთ-ერთი მშობელი იღებდა თავისი ტელეფონით.
ტელევიზიამ და „სიმღერის აკადემიამ“ ამ საკითხზე განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ეწერა, რომ ბავშვის წაქცევა მათ ვერ შენიშნეს.
10 წლის ანკას დედა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პირველი, რასაც ბავშვის სრული სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გააკეთებს, არის იმ ანსამბლთან ურთიერთობის შეწყვეტა, რომელშიც ანკა 2 წლის განმავლობაში დადიოდა.
ფორუმი