Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

CNN: ირანმა ურანის საცავთან მიმავალი გვირაბები დაანგრია და შესასვლელი დანაღმა

ისპაანის გვირაბების კომპლექსის შესასვლელი (სატელიტური ფოტო).
ისპაანის გვირაბების კომპლექსის შესასვლელი (სატელიტური ფოტო).

ბოლო კვირების განმავლობაში ირანმა გააძლიერა ძალისხმევა ისპაანში მდებარე მაღალგამდიდრებული ურანის საცავის ჰერმეტიზაციისთვის. როგორც CNN-ს უთხრეს წყაროებმა, რომლებიც აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციას იცნობენ, ობიექტამდე მიმავალი გვირაბები დანგრეულია და მათი შესასვლელები დანაღმულია.

ტელეარხის წყაროებმა დასძინეს, რომ ურანის მარაგებზე წვდომა ახლა გაცილებით რთული და საშიში გახდა, მათ შორის თავად ირანელებისთვისაც. საამისოდ საჭირო იქნება მძიმე საექსკავაციო ტექნიკა და განაღმვა.

ირანიდან ურანის მარაგების გატანა ვაშინგტონის ერთ-ერთი მოთხოვნაა თეირანის მიმართ. პარასკევს ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მხარეები უახლოვდებიან შეთანხმებას, რომელიც ირანს დაავალდებულებს, აშშ-ს გადასცეს გამდიდრებული ურანი. ამტკიცებენ, რომ ის ადგილზე განადგურდება და შემდეგ მას ქვეყნიდან გაიტანენ.

ამასთან, ორივე მხარის ოფიციალურმა პირებმა წინააღმდეგობრივი ცნობები წარმოადგინეს წინასწარი შეთანხმების შესახებ და მისი ზუსტი პირობები გაურკვეველი რჩება.

აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, ირანს დაახლოებით 440 კილოგრამი მაღალგამდიდრებული ურანი აქვს, რომლის უმეტესი ნაწილი ირანის ქალაქ ისპაანის ობიექტში ინახება მიწისქვეშა გვირაბებში. გამდიდრების დონე 60 პროცენტია. ბირთვული იარაღის შესაქმნელად ურანის გამდიდრების დონე 90 პროცენტამდე უნდა გაიზარდოს.

CNN-ის ცნობით, მაისის შუა რიცხვებში აშშ-ის სამხედროები მზად იყვნენ ურანის ამოსაღებად ოპერაციის ჩასატარებლად. თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოპერაცია შეაჩერა გაფრთხილებების შემდეგ, რომ ეს, სავარაუდოდ, ირანის მხრიდან მკაცრ საპასუხო ზომებს გამოიწვევდა და ომს გაახანგრძლივებდა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG