კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს ტელეგრამ-არხზე 15 ივნისს დილის ექვსი საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაიღუპა 4 და დაშავდა 23 ადამიანი.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, კიევის ათ რაიონში დაზიანებულია სახლები და ინფრასტრუქტურის ობიექტები. გაჩნდა ხანძრები.
ხანძარი გაჩნდა კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზეც. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, ცეცხლი გაუჩნდა მიძინების ტაძრის სახურავს.
კლიჩკოს თანახმად, რუსეთის ჯარების მასირებულმა შეტევამ სახლებისა და სხვა შენობების დაზიანება და ხანძრები გამოიწვია კიევის თითქმის ყველა რაიონში. იმ ობიექტებს შორის, სადაც ხანძარი გაჩნდა, სასწავლო დაწესებულება და საბავშვო ბაღია.
განახლება: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსმა აბრამმა ფეისბუკით გაავრცელა ცნობა, რომ ლავრის ბერებმა მაშველებთან ერთად შეძლეს ხატების და სხვა სიწმინდეების გადარჩენა და უსაფრთხო ადგილზე გადატანა. უკრაინის ეკლესიის წინამძღოლმა, კიევის მიტროპოლიტმა ეპიფანემ კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმას უწოდა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი მორიგი დანაშაული.
ადგილობრივი დროით დილის ცხრა საათისთვის კიევ-პეჩერის ლავრაში ხანძარი ლიკვიდირებული იყო.
რუსული დრონებით და რაკეტებით შეტევა იყო ქალაქ ხარკოვზეც.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ იჰორ კლიმენკოს ინფორმაციით, ერთ-ერთ ობიექტზე დარტყმით გამოწვეული ხანძრის ქრობისას განმეორებითი დარტყმა იყო, რის შედეგადაც დაიღუპა საგანგებო სიტუაციების სამსახურის 5 მაშველი და კიდევ 5 დაიჭრა.
ფორუმი