Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი აცხადებს, რომ სამხრეთ ლიბანიდან ჯარებს არ გაიყვანს

ისრაელის ჯარისკაცები სამხრეთ ლიბანში
ისრაელის ჯარისკაცები სამხრეთ ლიბანში

ისრაელი არ აპირებს, გაიყვანოს ჯარები სამხრეთ ლიბანის ტერიტორიებიდან, რომლებსაც ისრაელის თავდაცვის ძალები აკონტროლებენ, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა აშშ-სა და ირანს შორის მოსალოდნელი შეთანხმების კომენტირებისას.

კაცის თქმით, ირანის თავდასხმის შემთხვევაში, ისრაელი საპასუხო დარტყმას განახორციელებს. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმება არ შეზღუდავს ისრაელის თავდაცვის ძალების მოქმედების თავისუფლებას.

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, იტამარ ბენ გვირმა, განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის დადებული შეთანხმებები ისრაელს არანაირ ვალდებულებას არ აკისრებს. ბენ გვირის თქმით, ქვეყანა არ დათანხმდება ჰეზბოლას სრულ განადგურებაზე ნაკლებს, ხოლო ისრაელის ჯარები ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩებიან.

ირანის მოკავშირე დაჯგუფება ჰეზბოლა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. ევროკავშირმა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა ჰეზბოლას სამხედრო ფრთა და არა მისი პოლიტიკური პარტია.

The Jerusalem Post-ი ისრაელის არმიაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თუ ჰეზბოლა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დაიცავს, ისრაელის არმია ლიბანის ტერიტორიას არ დაარტყამს.

14 ივნისს, იმ დღეს, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ ირანთან შეთანხმება სულ ახლოს იყო, ისრაელმა ბეირუთის გარეუბანში ჰეზბოლას სამიზნეები დაბომბა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეირანს მოუწოდა, თავი შეეკავებინა შურისძიებისგან და მოლაპარაკებებს დაჰბრუნებოდა.

ირანული საინფორმაციო სააგენტო Mehr-ის ცნობით, აშშ-სა და ირანს შორის გაფორმებული მემორანდუმის ერთ-ერთი პუნქტი ლიბანში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს.

14 ივნისის საღამოს ტრამპმა განაცხადა ირანთან შეთანხმების დადების შესახებ, რომელიც გულისხმობს ბლოკადის მოხსნას და ჰორმუზის სრუტის გახსნას.


ფორუმი

XS
SM
MD
LG