Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილს მარკ პალმერის პრიზი გადაეცა

სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციაზე. 29 ივნისი, 2025.
სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციაზე. 29 ივნისი, 2025.

Freedom House-მა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მარკ პალმერის პრიზი გადასცა.

დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ჯილდო მხოლოდ მას არ ეკუთვნის და ამ პრიზს იმსახურებენ ის ადამიანებიც, რომლებიც საქართველოში დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის დასაცავად იბრძვიან.

„ესენი არიან სინდისის პატიმრები, რომლებიც უკვე 18 თვეა, სრულიად უსაფუძვლოდ სხედან ციხეში - მხოლოდ იმიტომ, რომ თქვეს და ერთგულად დაიცვეს საქართველოს გზა და მისი დამოუკიდებლობა“

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები აღარ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ დემოკრატიულ უკუსვლად. მისი შეფასებით, „ეს არის დემოკრატიის განადგურება“

სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა რეპრესიებზეც და აღნიშნა, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები „კარგად ორგანიზებული რუსული მოდელის“ ნაწილია და საქართველოში მოქმედი „ყველა რეპრესიული კანონი რუსული კანონების ასლია.“

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა საერთაშორისო პარტნიორებსაც მიმართა და მოუწოდა, მეტი ყურადღება დაუთმონ საქართველოს - „საქართველო იმსახურებს მეტ ყურადღებას, რადგან ის, რაც დღეს აქ ხდება, შეიძლება სხვაგანაც განმეორდეს,“ - თქვა მან.

ზურაბიშვილმა გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ რუსეთი რეგიონში ცდილობს ისეთი სივრცის შექმნას, სადაც ევროპისა და შეერთებული შტატების გავლენა აღარ იარსებებს. „ის, რაც საქართველოში ხდება, ასევე მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის, რადგან სრულიად გაუგებარი და მოსკოვისთვის არასწორი სიგნალი იქნება, თუ რუსეთს ასე მარტივად მიეცემა კავკასიაში დაბრუნების შესაძლებლობა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, კავკასია კვლავ რჩება სტრატეგიულ რეგიონად, სადაც დასავლეთის ყოფნა მნიშვნელოვანია.

გამოსვლის დასასრულს მან აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი გააგრძელებს წინააღმდეგობას. „ჩვენ გავაგრძელებთ მანამ, სანამ ერთი ადამიანიც კი იდგება ქუჩაში და ამისთვის ციხეში წავა,“ - თქვა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილს მარკ პალმერის პრიზის მიღება მიულოცა ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა და განაცხადა, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ქვეყნის სუვერენიტეტის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ევროატლანტიკური მომავლის მტკიცე მხარდაჭერის სიმბოლოა.

„პრეზიდენტი ზურაბიშვილი მაგალითი იქნება არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის, არამედ მსოფლიოში ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც სირთულეების ფონზე დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად იბრძვის. ამერიკა ქართველი ხალხის გვერდით დგას, სანამ ისინი დემოკრატიული მომავლისკენ სვლას განაგრძობენ. ვულოცავ პრეზიდენტ ზურაბიშვილს 2026 წლის მარკ პალმერის პრიზის მიღებას“, - თქვა კონგრესმენმა ვიდეომიმართვაში.

ჯო უილსონმა ასევე აღნიშნა, რომ „დღეს საქართველო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და ბოლო წლებში ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა შეინიშნება, მათ შორის - ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე

მისი თქმით, არსებული სირთულეების მიუხედავად, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ერთგულება.

„ქართველი ხალხი იმსახურებს ამერიკისა და ჩვენი დემოკრატიული მოკავშირეების მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას,“ - აღნიშნა კონგრესმენმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG