Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში დრონით შეტევა იყო ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე

16 ივნისს დრონით შეტევა იყო მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
16 ივნისს დრონით შეტევა იყო მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.

16 ივნისს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევისას დარტყმა იყო მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. რუსეთის ეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ქარხანა „გაზპრომ ნეფტისაა".

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა 16 ივნისს დილით დაადასტურა, რომ „ერთ-ერთი დრონით დაზიანებულია მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ობიექტი“.

სობიანინის მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან და ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ. მანამდე სობიანინი წერდა, რომ შუაღამის შემდეგ საჰაერო თავდაცვამ მოიგერია მოსკოვისკენ მიმავალი 60 უკრაინული დრონი.

დილის ათი საათისთვის რუსეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა საგანგებო სიტუაციების სამმართველოსგან მიღებული ცნობა, რომ მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი „ოპერატიულად ლოკალიზებულია" და გრძელდება მუშაობა შედეგების ლიკვიდაციის მიზნით.

დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მ გაავრცელა ვიდეო, რომელიც, მისი ინფორმაციით, ასახავს ქარხანაზე დრონით დარტყმის მომენტს.

  • მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის დედაქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაპოტნიას რაიონში მდებარეობს და კომპანია „გაზპრომ ნეფტის" საკუთრებაა.
  • საჯარო წყაროების თანახმად, ქარხნის საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 11 მილიონი ტონაა, მოსკოვს უზრუნველყოფს ბენზინის 40%-ით და დიზელის საწვავის 50%-ით და მოსკოვის აეროპორტებისთვის საწვავის ძირითადი მიმწოდებელია.
  • ქარხანა წარმოებული პროდუქციის 80%-ს აწვდის მოსკოვს და მოსკოვის ოლქს.
  • უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით შეუტიეს 2024 წლის სექტემბერშიც.

განახლება: 16 ივნისს დღისით უკრაინის არმიის სპეციალური ოპერაციების ძალებმა დაადასტურეს დარტყმა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინელ მეომრებს მადლობა გადაუხადა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG