Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა კლინიკის დაცვის თანამშრომელი, რომელსაც მარნეულში მუშაობისას გაუსწორდნენ

ინფორმაცია დაცვის თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ რადიო თავისუფლებას დამსაქმებელ კლინიკაში დაუდასტურეს
ინფორმაცია დაცვის თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ რადიო თავისუფლებას დამსაქმებელ კლინიკაში დაუდასტურეს

მარნეულში მდებარე ერთ-ერთი კლინიკის დაცვის თანამშრომელი, რომელსაც 11 აპრილს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას სასტიკად გაუსწორდნენ, გარდაიცვალა.

ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს „ჯეო ჰოსპიტალსში“, სადაც მას მკურნალობდნენ.

ორთვიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ 63 წლის ალადინ განაზადეს გარდაცვალების შესახებ ცნობა თავდაპირველად 16 ივნისს გაავრცელა ადგილობრივმა გამოცემამ, „მარნეული ნიუსმა“.

გამოცემა ოჯახზე დაყრდნობით წერს, რომ განაზადეს, ბოლნისის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრს, - რომელიც „ჯეო ჰოსპიტალსის“ მარნეულის ფილიალში მუშაობდა დაცვის თანამშრომლად, - 2026 წლის 11 აპრილს სასტიკად გაუსწორდნენ.

რა მოხდა 11 აპრილს

გამოცემის თანახმად:

  • დაცვის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდა კლინიკის ერთ-ერთი პაციენტის ახლობელი;
  • ინციდენტი პაციენტთა ნახვის საათების შემდეგ მოხდა - თავდამსხმელი არასამუშაო საათებში ითხოვდა კლინიკაში მყოფი ახლობლის მონახულების უფლებას;
  • განაზადეს უარის შემდეგ, მას იგი სასტიკად გაუსწორდა.
  • მოგვიანებით დაშავებული დაცვის თანამშრომელი თბილისში, „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს.

გამოცემის ცნობით, 63 წლის ალადდინ განაზადე 11 აპრილიდან ამ დრომდე მართვის სუნთქვაზე იმყოფებოდა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, რკინის ჯოხის ჩარტყმის შედეგად დაცვის თანამშრომელს თავის ქალა ჰქონდა გატეხილი; მას ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაცია, თუმცა სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თავდამსხმელი დაკავებულია

შსს-ს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას 16 ივნისს უთხრეს, რომ ამ საქმეზე 11 აპრილს ცხელ კვალზე დააკავეს პირი, რის შესახებაც ინფორმაცია თავად გაავრცელეს.

შსს-ს მიერ 14 აპრილს გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, დაკავებულია 1968 წელს დაბადებული კაცი.

ამავე წყაროს თანახმად, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას.

  • თუმცა, დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ, სავარაუდოდ, ბრალდების ფორმულირება დაზუსტდება და გახდება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, „რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა“, - რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობით ისჯება.
  • ხოლო იგივე მუხლი - მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა - 10-დან 14 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG