Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რკინიგზაში ფერაძის დროს დადებულ ხელშეკრულებაზე კითხვა აუდიტსაც ჰქონდა

დავით ფერაძე - „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი დირეექტორი, რომელიც პასუხისგებაში მისცეს.
დავით ფერაძე - „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი დირეექტორი, რომელიც პასუხისგებაში მისცეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო რკინიგზის ყოფილი დირექტორი, დავით ფერაძე პასუხისგებაში მისცა იმ საქმეზე, რომელთან დაკავშირებით დადებულ ხელშეკრულებაზეც კითხვა აუდიტის სამსახურს ჯერ კიდევ 2023 წელს ჰქონდა. 

საქმეში ფიგურირებს 8 ადამიანი, მათგან ორზე, მათ შორის ფერაძეზე ძებნა გამოცხადდება, დანარჩენი ექვსი კი უკვე პატიმრობაშია. მათ ედავებიან კორუფციული სქემის აწყობას და მასში მონაწილეობას. კონტრაქტი, რომელითაც სუსმა ბრალის ფორმულირებისთვის საჭირო მასალა მოაგროვა, 2020 წელს შპს „კახეთთან“ დაიდო.

8 თებერვალსა და 9 სექტემბერს გამოცხადებული ტენდერებით რკინიგზა ითხოვდა ლითონის ტრანსპორტირების, დახარისხების, დაჭრისა და ერთად შეგროვების სერვისს.

„საქართველოს რკინიგზის“ იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ, სააქციო საზოგადოების კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ჩამოაყალიბა შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, უნდა უზრუნველეყო სს „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი შავი ლითონის შემდგომში სარეალიზაციოდ იმ ფორმით შეგროვება, ტრანსპორტირება, დაჭრა და დახარისხება, რომ შეუძლებელი გამხდარიყო მისი საწყისი ზუსტი ოდენობის დადგენა“, - განაცხადეს სუსში.

რას წერდა აუდიტის სამსახური ამ ტენდერზე?

რკინიგზის გამოცხადებულ ამ ტენდერში, რომლის ღირებულებაც $392 156 ლარი იყო, მხოლოდ შპს „კახეთმა“ მიიღო მონაწილება. გამარჯვებულადაც სწორედ ის გამოცხადდა.

მხარეთა შეთანხმებით, რამდენიმე თვეში ხელშეკრულების პირობები შეიცვალა რკინიგზისთვის საზიანოდ - მომსახურების საფასური გაიზარდა 13 820 აშშ დოლარით. კომპანია აცხადებდა, რომ ჯართის დახარისხების ადგილამდე 24 კმ გზის გაყვანა სჭირდებოდა.

„საქართველოს რკინიგზამ“ სატენდერო პირობების შეუსაბამოდ, სათანადო დასაბუთების გარეშე, გაზარდა ხელშეკრულების ღირებულება“, - წერია აუდიტის სამსახურის მიერ 2023 წელს მომზადებულ დასკვნაში.

აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებში (რომელიც მოიცავს მომზადებულ ანგარიშებთან დაკავშირებით პროკურატურაში გადაგზავნილი საქმეების შესახებ ინფორმაციას) საქართველოს რკინიგზა ნახსენები არ არის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG