ანგარიში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ბოლო პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე, შემზღუდავ კანონებსა და ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.
სოლიდარობა ხალხს
ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ უცხადებს სრულ სოლიდარობას ქართველ ხალხს, რომელიც „დემოკრატიული უკუსვლის, მზარდი რეპრესიების, უკანონო დაკავებების, აგრესიული რიტორიკის, დეზინფორმაციისა და მუქარების ფონზე აგრძელებს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის.“
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ „საქართველოს მოსახლეობის თითქმის 75% კვლავ უჭერს მხარს ევროკავშირში შემდგომ ინტეგრაციას“ და აღნიშნულია, რომ „ევროკავშირის კარი ქართველ ხალხის ევროპულ გზაზე დაბრუნებისთვის კვლავ ღიად რჩება.“
სანქციების მოთხოვნა
ევროპარლამენტის ამ ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სანქციების, მათ შორის, პერსონალური სანქციების მნიშვნელობას.
„ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, დაუყოვნებლივ დააწესონ მიზნობრივი, პირადი სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ“ და მოითხოვს მათთან დაკავშირებული კომპანიების აქტივების დაყადაღებას.
მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის გარდა, ანგარიშით ევროპარლამენტი ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, რომ პერსონალური სანქციები დაუწესონ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, მოსამართლეებს, პროკურორებსა და იმ სხვა ოფიციალურ პირებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე“.
ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს უნგრეთის ახალ მთავრობას, გააუქმოს ყოფილი პრემიერის ვიქტორ ორბანის მიერ დაწესებული ბლოკადა ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებზე.
საკანონმდებლო ცვლილებებზე
ანგარიშში ასახულია ყველა ის სადავო პროცესი, საკანონმდებლო ცვლილება და პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლებიც „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელ პოლიტიკას უკავშირდება. მათ შორის საუბარია იმ საკანონმდებლო ცვლილებზეც, რომლებიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას.
დოკუმენტში საუბარია „აგენტების შესახებ“ კანონზე, ასევე მაუწყებლობის, საჯარო სამსახურისა და შეკრებების შესახებ კანონებში შეტანილ ცვლილებებზე, რომლებიც, ევროპარლამენტის შეფასებით, პლურალიზმს აზიანებს და პროტესტში მონაწილე პირების მიმართ რეპრესიულ პრაქტიკას აძლიერებს.
„ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს აღნიშნული საკანონმდებლო აქტები, როგორც ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯი.“
"გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები"
ანგარიშში საუბარია პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეული პირების გათავისუფლებაზეც - „ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და უკანონოდ დაკავებული ადამიანი“.
ერთ-ერთი რეკომენდაცია მიემართება სახალხო დამცველისკენ - „ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს სახალხო დამცველს, გააძლიეროს თავისი მანდატის შესრულება და სრულად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი ადამიანის უფლებების დასაცავად“.
"ვგმობთ Imedi TV-ის, PosTV-ისა და Rustavi 2 TV-ის როლს პროპაგანდის გავრცელებაში"
დოკუმენტში ასევე საუბარია პროსახელისუფლებო და გაერთიანებული სამეფოს მიერ დასანქცირებულ Imedi TV-ისა და PosTV-ზეც.
„ევროპარლამენტი „მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მედიასაშუალებების - Imedi TV-ის, PosTV-ისა და Rustavi 2 TV-ის როლს სისტემური დეზინფორმაციის, დისკრედიტაციის კამპანიების, ევროკავშირის, მისი ინსტიტუტებისა და წარმომადგენლების წინააღმდეგ მტრული პროპაგანდის გავრცელებაში, განსაკუთრებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელისა და წევრი სახელმწიფოების დიპლომატების მიმართ“.
ევროპარლამენტის მოწოდება
ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, გადახედონ ასეთი მედიასაშუალებების აკრედიტაციას ევროკავშირის სტრუქტურებში და წევრ სახელმწიფოებსაც მოუწოდებს, მიბაძონ გაერთიანებული სამეფოს მაგალითს - მიიღონ შესაბამისი და პროპორციული შემზღუდავი ზომები იმ პირებისა და სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დეზინფორმაციული კამპანიების ორგანიზებასა და დაფინანსებაზე ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის სანქციების სიაში შევიდნენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი პირები.
სანქციების გვერდის ავლის ალბათობაზე
ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს იმ შესაძლო პრაქტიკის გამოც, რომ საქართველოს პორტები და ნავთობის გადამუშავების ინფრასტრუქტურული ობიექტები შესაძლოა, გამოიყენებოდეს სანქციების გვერდის ავლით რუსული ნავთობპროდუქტების რეექსპორტისთვის „მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეაჩეროს და აღკვეთოს მსგავსი საქმიანობა და უზრუნველყოს, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურა გამოყენებულ არ იქნეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლისთვის."
ევროპარლამენტი აცხადებს, რომ საქართველო კვლავ არ არის სრულ შესაბამისობაში ევროკავშირის მიერ რუსეთის, ბელარუსისა და ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების უმრავლესობასთან. დოკუმენტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ორმაგი დანიშნულების საქონელზე, ნავთობის ექსპორტსა და რუსულ და ირანულ სუბიექტებთან დაკავშირებულ ფინანსურ ნაკადებზე, რომლებიც, ევროპარლამენტის შეფასებით, სანქციების გვერდის ავლის რისკებს ქმნის და აღნიშნავს, რომ „ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასა და სანქციების რეჟიმთან შეუთავსებლობის გაგრძელებას პირდაპირი შედეგები ექნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე“. ანგარიში ასევე მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს, „გააგრძელონ საქართველოს მიერ ევროკავშირის სანქციების რეჟიმთან შესაბამისობის მკაცრი მონიტორინგი, მათ შორის საქართველოს ტერიტორიის ან საქართველოში რეგისტრირებული სუბიექტების მეშვეობით სანქციების გვერდის ავლის რისკების კუთხით.“
„ქართული ოცნების“ ლიდერები 2022 წლის შემდეგ ევროპარლამენტის ანგარიშებსა და რეზოლუციებს, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკას შეიცავს, უწოდებენ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას და აცხადებენ, რომ რეზოლუციებს, - მათ შორის ისეთებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებენ წევრ ქვეყნებს, - „ჩალის ფასი აქვს“.
ფორუმი