„ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო ის, რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს ვთქვი: რა თქმა უნდა ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“ და რა თქმა უნდა ვიბრძოლებ ბოლომდე! საქართველო გაიმარჯვებს“, - დაწერა ფეისბუკში ბოკუჩავამ.
თინა ბოკუჩავას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე 2-წლიანი ვადა მიმდინარე წლის 8 ივლისს ეწურება. მისი ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე, პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც პარტიის დამფუძნებელია, სოციალური ქსელებით განაცხადა: „მე არამხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე, არამედ ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და პარტიაში თანამდებობის დაკავება არ შეუძლია.
როგორ განვითარდა მოვლენები:
- "ნაციონალურ მოძრაობაში" ცვლილებები სააკაშვილმა 10 ივნისს დააანონსა. მან დაწერა, რომ „ნანუკას [ჟორჟოლიანს] აქვს ჩემი სრული ნდობა და მანდატი ჩვენს მრავალრიცხოვან წევრებთან და პარტიის თავმჯდომარე თიკა ბოკუჩავასთან ერთად ცვლილებების განსახორციელებლად“;
- 11 ივნისს ჟორჟოლიანმა თქვა, რომ მას სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარეობას სთავაზობდა, რასაც არ დათანხმდა - „თუ ჩვენ შევთანხმდებით მთავარ საკითხებზე, თანათავმჯდომარის თანამდებობა არის სრულიად საკმარისი, რომ მე ეს ცვლილებები განვახორციელო“;
- ბოკუჩავა ამბობს, რომ არ იზიარებს აზრს პარტიაში „ორხელისუფლებიანობასთან“ დაკავშირებით. მან 16 ივნისს პოლიტიკური ჭორაობა უწოდა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილი ჟორჟოლიანს მის თანამდებობას სთავაზობდა;
- 17 ივნისს მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა კიდევ ერთი პოსტი, რომელშიც ეწერა: „ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი, მას აქვს გამოცდილება, ენერგია, ხედვა რომ ამ გამოწვევას გაუმკლავდეს“;
- ამ განცხადების შეფასებისას, ბოკუჩავამ თქვა: „სიმართლე გითხრათ, ის პოსტი, რომელიც მე სულ რამდენიმე წუთის წინ, ბრიფინგამდე გზაში წავიკითხე, მოულოდნელი იყო. ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა. ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ"...
ფორუმი