მან ბრიფინგზე თქვა, რომ ამ ტელეარხსა და ხელისუფლებაში მყოფ პარტია „ქართულ ოცნებას“ მის წინააღმდეგ აგორებული აქვთ „ფართომასშტაბიანი ცილისმწამებლური კამპანია“.
„ბუნებაში არ არსებობს მოწმე, ფაქტი, თუნდაც უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერი, სადაც მე ოდესმე მითქვამს ან მიფიქრია რაიმე საქართველოს ევროპული მომავლის, კანდიდატის სტატუსის ან უვიზო მიმოსვლის წინააღმდეგ. საპირისპიროს კი მრავალი ფაქტი ადასტურებს.
ჩემს წინააღმდეგ აგორებული კამპანია მიანიშნებს იმას, რომ ხელისუფლება უკვე ამზადებს ნიადაგს იმ შედეგებისთვის, რომელიც შესაძლოა, მისივე ანტიევროპული პოლიტიკის გამო დადგეს. სინამდვილეში, ხელისუფლებაში აღარ ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ შეინარჩუნონ უვიზო მიმოსვლა. ისინი ფიქრობენ იმაზე, თუ ვის გადააბრალონ მისი დაკარგვა. ეს არის კამპანია საკუთარი თავის გადასარჩენად და არა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის გადასარჩენად“, - თქვა მან.
ლომჯარია რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ საქმე ეხება „იმედის“ მიერ 6 მარტსა და მომდევნო დღეებში მომზადებულ „ცილისმწამებლურ ინფორმაციას“. არხი აცხადებდა, რომ ყოფილი ომბუდსმენი მოითხოვდა „ქართველი ხალხის“ დასჯას და სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერებას.
„მომდევნო დღეებში ამას დაემატა „ქართული ოცნების“ წევრების კომენტარები, თითქოსდა მე ასეთი რამ ვთქვი. რამდენიმედღიანი, ორგანიზებული, ცილისმწამებლური კამპანია იყო“.
ყოფილი სახალხო დამცველი მოითხოვს, ტელეარხმა უარყოს გავრცელებული ინფორმაცია და ყველა პლატფორმიდან წაშალოს.
ლომჯარიას სარჩელზე პასუხად „იმედში“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ „ლომჯარიას ვუპასუხებთ სასამართლოში".
ფორუმი