Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“მოითხოვეთ სინდისის პატიმრების გათავისუფლება” - ზურაბიშვილი ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართავს

სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართავს. ის ღია წერილში აღნიშნავს, რომ “მმართველი რეჟიმის მიერ პოლიტიკური კურსის გაგრძელება მკვეთრ წინააღმდეგობაშია ქართველი ხალხის ნებასთან”.

“საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორიის წინ წაწევის ნაცვლად, მმართველი ხელისუფლება ატარებს პოლიტიკას, რომელიც ძირს უთხრის ევროკავშირთან ქვეყნის პარტნიორობის საფუძვლებს”, - წერს ზურაბიშვილი.

საგარეო საქმეთა მომავალ საბჭოს სხდომაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ითხოვს „სინდისის პატიმრების გათავისუფლების“ საკითხის დაყენებას. მისი შეფასებით, შეზღუდვები [ევროკავშირში ვიზების შესახებ], რომელიც დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის დაწესდა, არაეფექტური აღმოჩნდა.

„ჩვენ მოველით, რომ ყველა მიზანმიმართული ზომა, რომელიც მანამდე ერთსულოვნების მოთხოვნის გამო იბლოკებოდა, ახლა სერიოზულად იქნება განხილული... ნებისმიერ უფრო ფართო ზომას უნდა მივუდგეთ მკაფიო პრინციპის გათვალისწინებით: ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს რეჟიმის პოლიტიკის გამო“.

ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები მოკლედ

  • მმართველმა პარტიამ 2024 წლის ნოემბრის შემდეგ მიიღო წყება კანონებისა, რომლებიც, მათ შორის, ბრიუსელის შეფასებით, ეწინააღმდეგება ევროკავშირში ინტეგრაციას;
  • ამ კანონებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება;
  • გამკაცრდა წესები პროტესტის უფლებაზე, მათ შორის შეიზღუდა ტროტუარებზე დემონსტრაციები;
  • 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო „2028 წლამდე“ აღარ დააყენებდა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში;
  • სწორედ ამას მოჰყვა მასშტაბური დემონსტრაციები, შემდეგ მათი ძალის გამოყენებით ჩახშობა და მოგვიანებით საკანონმდებლო ცვლილებები;
  • პასუხად ევროკავშირმა შეაჩერა პოლიტიკური დიალოგი თბილისთან და შეუჩერა ფინანსური მხარდაჭერა;
  • ევროკავშირმა გააუქმა უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური პასპორტებისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი ფაქტობრივად ფორმალურია;
  • განიხილება უვიზო რეჟიმის შეჩერებაც, ასევე პერსონალური სანქციები ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG