Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს საქართველოს პასპორტის მქონე კაცს, რომელსაც პუტინის მოწინააღმდეგე მხატვრის მკვლელობაში ედება ბრალი

36 წლის კაცს, რომელიც ბრალდებულია პუტინის მოწინააღმდეგე მხატვრის მკვლელობაში, პოლონეთში წინასწარი, 3-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს. საქმის გამოსაძიებლად, რომელშიც საქართველოს პასპორტის მქონე ადამიანი ფიგურირებს, ლუბლინის პოლიციის უფროსმა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შექმნა.

„ეს საშიში დამნაშავე ვარშავასთან ახლოს მდებარე საერთო საცხოვრებელში პოლიციის რეიდის დროს დააკავეს, სადაც მამაკაცი მკვლელობის შემდეგ იმალებოდა“, - წერია ლუბლინის ​პოლიციის ვებსაიტზე.

დაკავებულის სახელია სემიონ სკრეპეცკის (ნამდვილი სახელი რობერტ კუზავკოვი). დაკავების შემდეგ მას პოლიციამ ხელებსა და ფეხებზე ბორკილები დაადო.

ის, რომ კაცს საქართველოს პასპორტი ჰქონდა, ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა დაადასტურა.

მანამდე მკვლელობასთან კავშირში დაკავებული ბელარუსის ორი მოქალაქე კი, პოლონეთის პროკურატურის თანახმად, გაათავისუფლეს.

უწყების თანახმად, ისინი მოწმის სახით გამოჰკითხეს და როგორც ირკვევა, მათ მკვლელობასთან კავშირი არ აქვთ.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მედიასთან საუბარში თქვა, რომ ყველაფერი პოლიტიკურ მკვლელობაზე მიანიშნებს, მაგრამ საჭიროა კონკრეტულ სამხილებს დაუცადონ.

ზოგიერთი პოლონური გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ყველაფერი მიუთითებს, რომ "დოკუმენტი ყალბია" [პასპორტი] და რომ დაკავებული, სავარაუდოდ, ჩეჩნეთიდანაა.

რადიო თავისუფლება საქართველოს შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებსაც დაუკავშირდა. უწყებებიდან მიღებული პასუხი აისახება ტექსტში.

რუსი ოპოზიციონერი მხატვარი და "აქციონისტი", სემიონ სკრეპეცკი, პოლონეთში 15 ივნისს მოკლეს. 44 წლის მამაკაცს, რომელიც კრემლის ელიტასა და კადიროვს მწვავედ აკრიტიკებდა, ბიალა-პოდლიასკაში ხუთჯერ ესროლეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG