Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლტავაში ორი ადამიანი დაიღუპა რუსეთის დარტყმების შედეგად

პოლტავა რუსეთის იერიშის შემდეგ. 21 ივნისი, 2026.
პოლტავა რუსეთის იერიშის შემდეგ. 21 ივნისი, 2026.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, შაბათს ღამით რუსეთის არმიამ უკრაინას შეუტია ორი „ისკანდერ-M/S-400“ ბალისტიკური რაკეტით, ორი „კინჟალის“ ტიპის აერობალისტური რაკეტით და 105 დრონით, რომელთაგან 90 ჩამოაგდეს.

წუხელ ღამით კიევსა და მთელს უკრაინაში საჰაერო თავდასხმის სირენები მოქმედებდა რუსული „მიგ-31K“-ს აფრენის გამო, რომელიც „კინჟალის“ ტიპის აერობალისტური რაკეტის მატარებელია. „კინჟალი“ ჩერნიგოვის ოლქში შენიშნეს, ის კიევის ოლქის გავლით გადაადგილდა ხმელნიცკის ოლქის მიმართულებით. გამოცემა „სუსპილნეს“ ცნობით, ხმელნიცკის ოლქში აფეთქებების ხმა ისმოდა.

ასევე ღამით რუსულმა თავდასხმამ ინფრასტრუქტურის ობიექტი დააზიანა კროპივნიცკში. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, გაჩნდა ხანძარი, თუმცა მსხვერპლი არ ყოფილა.

20 ივნისს საღამოს პოლტავაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა: ერთის ცხედარი ნანგრევებიდან ამოიტანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში გარდაიცვალა. თოთხმეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ექვსი ბავშვი. პოლტავის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ვიტალი დიაკივნიჩმა დღეს დილით განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა. მან განაცხადა, რომ დაზიანდა საწარმოს შენობები და მიმდებარე საცხოვრებელი სახლები. დიაკივნიჩს არ დაუკონკრეტებია, რომელ სამრეწველო კომპანიებზეა ლაპარაკი. გუშინ ის თავდასხმის შემდეგ ელექტროენერგიის ავარიული გათიშვის შესახებ იტყობინებოდა.

ღამით რუსეთის იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა დნეპროპეტროვსკის ოლქში. რუსეთის დრონების, ავიაბომბებისა და არტილერიის დარტყმები განხორციელდა ნიკოპოლისა და სინელნიკოვის რაიონებზე, ასევე კრივოი-როგის მახლობლად მდებარე გრუშევსკის თემში - წერს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ოლექსანდრ განჟა.

ხარკოვში, კიევის რაიონში, რუსულმა დრონმა 12-სართულიან შენობას დაარტყა, განაცხადა ქალაქის მერმა, იჰორ ტერეხოვმა. „დარტყმა შენობის ორ ზედა სართულს შორის მოხდა. ჩამსხვრეულია ფანჯრები“, წერს ის ტელეგრამში. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. უკრაინის ეროვნული პოლიციის ცნობით, ხარკოვის ოლქში რუსული დრონით თავდასხმის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა და კიდევ 13 ადამიანი დაშავდა რეგიონის სხვადასხვა რაიონში.

რუსული თავდასხმების შედეგად სუმის ოლქში სულ მცირე ხუთი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. „არსებობს ცნობები ექვს მისამართზე განხორციელებული დარტყმების შესახებ. ქალაქის ექვსმა მცხოვრებმა უკვე მიმართა სამედიცინო დახმარებას. ჰოსპიტალიზებულია 58 წლის ქალი“, დაწერა ტელეგრამში ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ გრიგოროვმა. გუშინ სუმის მახლობლად მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, შაბათს განხორციელებული თავდასხმების შედეგად კიდევ 10 ადამიანი დაშავდა. რუსეთის სამხედრო ძალები სუმის ოლქში იყენებენ როგორც დრონებს, ასევე კორექტირებად ავიაბომბებს.

უკრაინის ეროვნული პოლიციის ცნობით, ხერსონის ოლქში რუსული დრონით თავდასხმის შედეგად დაიღუპა 40 წლის მამაკაცი, კიდევ შვიდი ადამიანი დაშავდა ოლქის სხვადასხვა რაიონში.


ფორუმი

XS
SM
MD
LG