ნატოს გენერალური მდივანი მარტ რიუტე 23 ივნისს ვაშინგტონში ჩავა. მომდევნო დღეს, ოთხშაბათს ის თეთრ სახლში შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, აგრეთვე მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს.
ნატოს ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, მარკ რიუტე ვაშინგტონიდან ონლაინ ფორმატში მიიღებს მონაწილეობას 24 ივნისს დაგეგმილ E5-ის შეხვედრაში. E5 არის ევროპის უმსხვილესი სამხედრო წარმოებისა და უდიდესი ეკონომიკის 5 ქვეყნის ფორმატი, რომელიც აერთიანებს გაერთიანებულ სამეფოს, გერმანიას, საფრანგეთს, იტალიასა და პოლონეთს. ოთხშაბათს დაგეგმილი შეხვედრის მიზანია უკრაინისთვის მხარდაჭერის კოორდინაცია, ევროპის თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდა და ნატოს მომავალი სამიტის წინ ევროპის ერთიანი პოზიციის შემუშავება.
25 ივნისს ნატოს გენერალური მდივანი შეხვდრება კონგრესმენებს, შემდეგ კი მას უმასპინძლებენ „ატლანტიკურ საბჭოში“, სადაც გაიმართება ონლაინ-ღონისძიება - საუბარი ნატოს ანკარის სამიტის დღის წესრიგზე. „ატლანტიკური საბჭოს“ ანონსის მიხედვით, მარკ რიუტე წარმოადგენს საკუთარ პრიორიტეტებს სამიტის კონტექსტში და მათ შორის, შეეხება საკითხებს თავდაცვით ხარჯებზე, თავდაცვით წარმოებაზე, უკრაინის მიმართ ნატოს მხარდაჭერაზე.
18 ივნისს ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე მარკ რიუტემ განაცხადა, რომ "ალიანსი გადის კოლოსალურ ტრანსფორმაციას", იმ ფონზე, როცა მანამდე, იმავე შეკრებაზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში აშშ გადახედავს ამერიკელი სამხედროების ყოფნას ევროპის ტერიტორიაზე:
"არაფერი შეგეშალოთ, ეს იქნება ნამდვილი გადახედვა. ეს გამიზნული იქნება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ნატო სწრაფად და განუხრელად მიიწევს იმისკენ, რომ ევროპა იყოს წამყვანი და აიღოს უპირატესი პასუხისმგებლობა ევროპის თავდაცვაზე".
ნატოს მომდევნო სამიტი 7-8 ივლისს ანკარაში გაიმართება.
ფორუმი