Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულმა შტატებმა ირანულ ნავთობს სანქციები დროებით მოუხსნა

გემები ირანის ბანდარ-აბასის პორტში, ჰორმუზის სრუტის მახლობლად
გემები ირანის ბანდარ-აბასის პორტში, ჰორმუზის სრუტის მახლობლად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 60 დღით გააუქმა ირანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წინააღმდეგ ათწლეულების განმავლობაში მოქმედი სანქციები.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 22 ივნისს გასცა ლიცენზია, რომლის საფუძველზეც 21 აგვისტომდე ნებადართულია ირანული ნავთობის შეძენა, ტრანსპორტირება, საბანკო მომსახურება, დაზღვევა და შესაბამისი ანგარიშსწორება ამერიკული დოლარით.

ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ შვეიცარიაში პროდუქტიული მოლაპარაკებისას ირანმა აიღო ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ტრანზიტის უზრუნველყოფისა და ქვეყანაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორთა დაშვების ვალდებულება და შეთანხმების ფარგლებში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გასცა დროებითი, 60-დღიანი ლიცენზია.

ამ გადაწყვეტილებით პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ გადადგა პირველი ნაბიჯი ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმის ერთ-ერთი პუნქტის შესასრულებლად. ის ითვალისწინებს ირანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების სრულად გაუქმებას საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში.

სანქციების დროებით შეჩერებას წინ უძღოდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის განცხადება ირანთან მოლაპარაკების პირველი შედეგების შესახებ.

ვენსმა, რომელიც 21 ივნისს შვეიცარიაში ამერიკულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა ირანთან მოლაპარაკების მთავარ რაუნდზე, 22 ივნისს, შვეიცარიიდან გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე გახსნილია და ირანი დასთანხმდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების მიღებას, რაც პირველი ნაბიჯია ირანის ბირთვული პროგრამის საბოლოოდ შესაწყვეტად.

ირანის სახელმწიფო სააგენტო IRNA-მ გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ესმაილ ბაღაის კომენტარი, რომ თეირანს არ აუღია ახალი ვალდებულება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობისთვის და ის გაგრძელდება ირანის პარლამენტის და უსაფრთხოების საბჭოს ადრინდელი გადაწყვეტილებების საფუძველზე.

ირანის ხელისუფლებამ სააგენტოსთან თანამშრომლობა 2025 წლის ზაფხულში შეზღუდა ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ აშშ-ისრაელის 12-დღიანი სამხედრო ოპერაციის გამო და უარი უთხრა ამ ობიექტების ინსპექტირების გაგრძელებაზე. თუმცა, სახელმწიფო სააგენტო IRNA-ს თანახმად, ირანს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობა სრულად არ შეუწყვეტია.

17 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების და ირანის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და მასუდ ფეზეშქიანმა ცალ-ცალკე მოაწერეს ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს მშვიდობის მისაღწევად. ის ითვალისწინებს:

  • საბრძოლო მოქმედებების დასრულებას, მათ შორის ლიბანში, ჰორმუზის სრუტის გახსნას, აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადის შეწყვეტას და სამხედრო ძალების გაყვანას, ირანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გაუქმებას და ირანის რეკონსტრუქციის ფონდის შექმნას.
  • რაც შეეხება ბირთვულ იარაღს, რომლის შექმნის საფრთხეც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა დაასახელეს ირანის წინააღმდეგ 2026 წლის 28 თებერვალს დაწყებული მასშტაბური სამხედრო ოპერაციის მიზეზად, შეთანხმების მიხედვით, ირანმა არასდროს არ უნდა შექმნას ან შეიძინოს ბირთვული იარაღი და მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ ირანის გამდიდრებული ურანის ლიკვიდაციის მიზნით.

ურთიერთგაგების მემორანდუმის რეალიზაციის მიზნით, 21 ივნისს შვეიცარიის კურორტ ბიურგენშტოკში დაიწყო მოლაპარაკებები აშშ-ის, ირანის და შუამავალი პაკისტანისა და კატარის მონაწილეობით.

მოლაპარაკებების პირველი დღის დასრულების შემდეგ პაკისტანმა და კატარმა განაცხადეს, რომ მხარეები შეთანხმდნენ ჰორმუზის სრუტეში ინციდენტებისა და გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად კავშირის არხის შექმნაზე, რამაც უნდა უზრუნველყოს სავაჭრო გემების უსაფრთხო გადაადგილება.

საშუამავლო პროცესზე მეთვალყურეობის მიზნით შექმნილმა მაღალი დონის კომიტეტმა შეათანხმა „საგზაო რუკა“ 60 დღის განმავლობაში საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. მხარეები შეთანხმდნენ ტექნიკურ საკითხებზე მოლაპარაკებების გაგრძელებაზე.

აშშ-თან მოლაპარაკებების მონაწილემ, ირანის პარლამენტის სპიკერმა მოჰამად ბაღერ ყალიბაფმა 22 ივნისს ირანის სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, რომ თეირანი დასთანხმდა ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის უზრუნველსაყოფად პირდაპირი კავშირის არხის გახსნას.

აშშ-სა და ირანს შორის საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად გარკვეული პროგრესის ფონზე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 22 ივნისს ვაშინგტონში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გააკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს, თუ თეირანი თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს. დეტალები ტრამპს არ დაუკონკრეტებია.








ფორუმი

XS
SM
MD
LG