ეს პუტინმა განაცხადა მოსკოვში, სამხედრო სასწავლებლების კურსდამთავრებულების აუდიტორიის წინაშე გამოსვლის შემდეგ.
პუტინის თქმით, როცა უკრაინის დრონები ბალტიის ქვეყნებში შედის, ეს ქვეყნები "მოსკოვზე არ მიუთითებენ" და აღიარებენ, რომ დრონები უკრაინისაა.
ამით პუტინმა ფაქტობრივად უარყო ტელეგრამზე მოქმედი, ომის მომხრე არაერთი არხის მტკიცება იმის თაობაზე, რომ რუსეთისკენ დრონების გაშვებაში ბალტიის სახელმწიფოები მონაწილეობენ, ან თავიანთ საჰაერო სივრცეს უთმობენ უკრაინის დრონებს გადაფრენისთვის. ამ უკანასკნელ მოსაზრებას რუსეთის ოფიციალური პირებიც გამოთქვამდნენ, თუმცა მას კატეგორიულად უარყოფენ ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში.
რუსეთის შიდა დაზვერვის სამსახური მანამდე აცხადებდა, რომ ლატვია თითქოს დათანხმდა უკრაინის თხოვნას რუსეთისკენ დრონები ლატვიის ტერიტორიიდან გაეშვა, რისთვისაც ქვეყანაში თითქოს უკრაინელი სამხედროები ჩავიდნენ. ლატვიის ხელისუფლების მხრიდან ამ ცნობის უარყოფის შემდეგ ეს საკითხი რუსეთის ხელისუფლებას აღარ წამოუჭრია.
ბალტიის ქვეყნებში ბოლო კვირებში არაერთხელ შევიდა უკრაინის დრონები. კიევი ამის გამო ბოდიშს იხდის, თუმცა აღნიშნავს, რომ რუსეთი ამ დრონებს განზრახ უცვლის კურსს და მათ საზღვრის მიღმა გზავნის. ამჟამად ასეთი ინციდენტები უფრო იშვიათად ხდება.
კითხვებზე პასუხისას პუტინმა მოკლედ ილაპარაკა რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ დარტყმებზეც, განაცხადა, რომ მათი მიზანია რუსეთის საზოგადოების შერყევა. ამასთან, პუტინმა კვლავ ილაპარაკა გამარჯვების რწმენაზე და აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედროები მოწინააღმდეგეს ყველა მონაკვეთში უტევენ. პუტინმა ახსენა კონსტანტინოვკა დონეცკის ოლქში, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს.
ფორუმი