27-წევრიანი ბლოკი არ აღიარებს ავღანეთის თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედ მთავრობას, თუმცა 23 ივნისს შეხვედრა გამართა ავღანეთის ისლამისტური რეჟიმის წევრებთან - რომლებსაც ერთდღიანი ვიზები ჰქონდათ მინიჭებული.
თალიბანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროებმა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს დაუდასტურეს, რომ ხუთწევრიან დელეგაციას ხელმძღვანელობდა სამინისტროს პრესმდივანი, ყაჰარ ბალხი.
"შეძრული და ღრმად შეშფოთებული ვარ ამით" - ამბობს ნობელის პრემიის ლაურეატი, მალალა იუსაფზაი ამ ვიზიტის შესახებ და დასძენს:
"ეს ის თალიბანია, რომელიც გოგოებს უკრძალავს საშუალო სკოლაში სიარულს და მათ დაქორწინებას აიძულებს. ის თალიბანი, რომელმაც მიმდინარე თვეში ჰერატში ათობით ქალი დააპატიმრა მათი ჩაცმულობის გამო. ის თალიბანი, რომელიც აკავებს, სცემს და სიკვდილით სჯის ქალებს - მათ, ვინც ბედავს ხმამაღლა ლაპარაკს ან მათი წესების დარღვევას".
შეხვედრის ფონია გავრცელებული ცნობა, რომ განათლების მიღება ეკრძალება 3,8 მილიონამდე ავღანელ გოგოს, და მათი რაოდენობა ყოველ წელს 250,000-ით მატულობს.
ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ავღანეთის საკითხების მკვლევარი, ფერეშტა აბასი ამბობს - "თალიბანთან ნებისმიერ კავშირში მთავარი საკითხი უნდა იყოს ადამიანის უფლებების დაცვა და ანგარიშვალდებულება - და არა ადამიანების დეპორტაცია უკან, საფრთხეში".
თუმცა ბრიუსელის წარმომადგენლები იცავენ შეხვედრის გამართვის საჭიროებას, მათი თქმით "შეზღუდული მოლაპარაკებისთვის" ავღანეთის "დე ფაქტო ხელისუფლებასთან". ბრიუსელის შეფასებით, ევროპის მასშტაბით ქვეყნებმა უნდა შეიმუშაონ დეპორტაციის სისტემა იმ თავშესაფრის მაძიებელთათვის, რომლებიც დანაშაულს სჩადიან, ან სახიფათოდ არიან მიჩნეული.
თალიბანის დელეგაცია ბრიუსელში ჩავიდა თურქეთიდან, იქ ვიზების მიღების შემდეგ.
ფორუმი