Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთში და ანექსირებულ ყირიმში დაარტყა სამხედრო და სამრეწველო ობიექტებს

რუსეთის საავიაციო ბაზა „საკი" ანექსირებულ ყირიმში(საარქივო ფოტო)
რუსეთის საავიაციო ბაზა „საკი" ანექსირებულ ყირიმში(საარქივო ფოტო)

უკრაინამ დაადასტურა სამრეწველო და სამხედრო ობიექტებზე მორიგი შეტევა რუსეთის ტერიტორიასა და ანექსირებულ ყირიმში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 23-დან 24 ივნისის ღამით უკრაინიდან 1200-კილომეტრზე მეტი მანძილის დაშორებით, რუსეთის ორენბურგის ოლქში დაარტყეს გაზის გადამამუშავებელ ქარხანას და რუსეთში ერთადერთ ჰელიუმის ქარხანას. უკრაინის გენშტაბის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაში ჩართული ორივე საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, ზარალის მასშტაბი კი დაზუსტების ეტაპზეა.

24 ივნისს დილით ორენბურგის ოლქის სამთავრობო ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახური აწარმოებს რეგიონის „ერთ-ერთი სამრეწველო საწარმოს თავზე“ უკრაინული დრონების „ნამსხვრევების ჩამოცვენით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციას“, დაშავებულები არ არიან და „მავნე ნივთიერებების გაფრქვევა არ დაფიქსირებულა“. ორენბურგის ოლქის ხელისუფლებას არც საწარმო დაუკონკრეტებია და არც შედეგები, რომელთა „ლიკვიდაციაც“ მიმდინარეობს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 24 ივნისს განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა რუსეთის ვლადიმირის ოლქში დაარტყეს კოსმოსური კავშირის ცენტრ „ვლადიმირსაც“, რომლის ორი შენობა დაზიანებულია.

გენერალურმა შტაბმა 24 ივნისს დააზუსტა მოსკოვის ოლქში მდებარე კოსმოსური კავშირის ცენტრ „დუბნაზე“ 22 ივნისს განხორციელებული შეტევის შედეგები. უკრაინული მხარის თანახმად, მონაცემების დამატებითი ანალიზის საფუძველზე დადასტურებულია დარტყმა 32-მეტრიანი ანტენის(MARK-IV) სააპარატო კომპლექსსა და მის გვერდით მდებარე ტექნიკურ შენობაზე და მთავარ საწარმოო-ადმინისტრაციულ კორპუსზე.

ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმის შესახებ განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა. მისი ინფორმაციით, სპეცოპერაციების ცენტრ „ალფას“ მეომრებმა „წარმატებით“ დაარტყეს სამხედრო აეროდრომებს „საკი“ და „გვარდეისკოე“ და რუსეთის საჰაერო თავდაცვის საშუალებებს ქერჩის სრუტის რაიონში.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი მონაცემებით, სამხედრო აეროდრომ „საკის“ ტერიტორიაზე დაზიანებულია საავიაციო ტექნიკის ოთხი ანგარი, ხოლო ქერჩის მახლობლად განადგურებულია საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ს-400“-ის ორი ერთეული შეიარაღება და ორი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „პანცირი“.

ეს მონაცემები დამოუკიდებელი წყაროებით ჯერჯერობით გადაუმოწმებელია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ობიექტებზე დარტყმის შესახებ არაფერი უთქვამს.




ფორუმი

XS
SM
MD
LG