ადგილობრივი დროით 24 ივნისის საღამოს, დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, ჯერ 7,2, შემდეგ კი 7,5 მაგნიტუდის. ეპიცენტრი იყო ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე იარაკუის შტატში.
ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, დელსი როდრიგესის მიერ 25 ივნისს დასახელებული პირველი ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 32 ადამიანი და 700-მდე დაშავდა.
ვენესუელის სხვადასხვა რაიონში, მათ შორის დედაქალაქ კარაკასსა და საპორტო ქალაქ ლა-გუაირაში დანგრეულია სახლები და სხვა შენობები. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და წყლით მომარაგების სისტემა.
მუშაობა შეაჩერა კარაკასის აეროპორტმა, რომლის შენობაც დაზიანებულია. დროებით შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლა.
ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დელსი როდრიგესმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
სპეციალური სატელევიზიო გამოსვლისას როდრიგესმა განაცხადა, რომ შექმნილია მაღალი დონის ოპერატიული ჯგუფი, რომელიც სამძებრო-სამაშველო ოპერაციას და დაზარალებულთათვის დახმარების პროცესს უხელმძღვანელებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არიან ვენესუელას დახმარება სწრაფად გაუწიონ. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ ვენესუელაში აგზავნის მაშველებს და სამედიცინო და ჰუმანიტარულ დახმარებას.
სალვადორი ვენესუელაში აგზავნის 50 ტონა ტვირთს და 300 მაშველს. ჰუმანიტარული დახმარების გაწევის გადაწყვეტილება მიიღო ეკვადორის ხელისუფლებამაც. ვენესუელას საჭირო დახმარებას დაჰპირდნენ მექსიკა და ბრაზილია.
- ვენესუელში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა ქვეყნისთვის რთულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაში. 2026 წლის დასაწყისიდან, აშშ-ის მიერ ვენესუელის მმართველ ნიკოლას მადუროს დაპატიმრების შემდეგ ქვეყანას დროებითი მთავრობა მართავს. ვენესუელის მოქალაქეები მწვავე ეკონომიკური პრობლემების წინაშე არიან მრავალწლიანი ჰიპერინფლაციის გამო.
- 24 ივნისის მიწისძვრა ვენესუელაში უძლიერესია 1967 წლის შემდეგ, როცა ქვეყანაში 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მაშინ ყველაზე მეტად დაზარალდა დედაქალაქი კარაკასი. დაიღუპა 200-ზე მეტი ადამიანი.
ფორუმი