Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი: ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება ჩაანაცვლოს "უცხოეთის აგენტები"

ოლეგ სვირიდენკო, რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე
ოლეგ სვირიდენკო, რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე

რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ოლეგ სვირიდენკო, 25 ივნისს პეტერბურგის საერთაშორისო იურიდიულ ფორუმზე გამოვიდა მოწოდებით, ადმინისტრაციული, სისხლისსამართლებრივი და ფინანსური პასუხისმგებლობა დაეკისროთ ხელოვნური ინტელექტის სერვისების მფლობელებს - პასუხისმგებლობის საკითხი შესაძლოა დადგეს იმ შემთხვევაში, თუკი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას მოჰყვება "დარტყმა რუსეთის ფედერაციის სუვერენიტეტზე". მაგალითისთვის მან მოიტანა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობა იმ შეზღუდვებისთვის თავის ასარიდებლად, რომლებიც დაწესებული აქვთ ე.წ. უცხოეთის აგენტებად გამოცხადებულებს.

სვირიდენკოს თქმით, ბევრი "უცხოეთის აგენტი" ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება და "არ მოაქვს ისეთი ზიანი, როგორსაც აქ ყოფნის შემთხვევაში მოიტანდა" - თუმცა ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს.

"სულ ერთი წამით წარმოიდგინეთ უცხოეთის აგენტების მთელი შემადგენლობა, რომელიც ახლა საზღვარგარეთაა - და მათი რიცხვი 500-ს აჭარბებს... წარმოიდგინეთ, რომ ხელოვნური ინტელექტი მათ უბრალოდ ჩაანაცვლებს და გააკეთებს იმ ყველაფერს, რასაც უცხოეთის აგენტები აკეთებდნენ" - მინისტრის მოადგილის ამ სიტყვებს ავრცელებს გამოცემა "კომერსანტი". სვირიდენკოს თავისი მოსაზრება არ განუვრცია - მას,არ განუმარტავს, მაგალითად, გულისხმობს თუ არა იმას, რომ ხელოვნური ინტელექტი შექმნის ტექსტებს "უცხოეთის აგენტების" სახელით ან მათ სტილში.

სვირიდენკოს აზრით, ხელოვნური ინტელექტის სერვისების მფლობელებმა მომხმარებლისთვის უნდა დააწესონ "ფილტრები, რომლებიც, სულ მცირე, ეროვნულ უსაფრთხოებაზეა გათვლილი". მან აღნიშნა, რომ რუსეთში არსებობს მრავალმილიარდიანი ჯარიმების პრაქტიკა უცხოეთის ისეთი კორპორაციების მიმართ, როგორიცაა Google - და, მისი აზრით, ეს სქემა კიდევ უფრო ეფექტიანი იქნება რუსეთის კომპანიებთან მიმართებით. "გასაგებია, რომ "გუგლისგან" ბევრს ვერაფერს მივიღებთ, მაგრამ აქ, ჩვენებს, შეეძლებათ ამაზე პასუხი აგონ", - თქვა მან.

სვირიდენკო ასევე გამოვიდა მოწოდებით, კიდევ უფრო გამკაცრდეს კანონმდებლობა "უცხოეთის აგენტებთან" მიმართებით - მისი თქმით, ასეთები გვერდს უვლიან საგანგებო ანგარიშებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს, თავიანთ მოგებას გადასცემენ მესამე პირებს, ჩუქების ან ქორწინების შეთანხმებების საფუძველზე. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრო გეგმავს კანონმდებლობის დამუშავებას, საგანგებო ანგარიშების რეგულირების მექანიზმების კუთხით.

ახლახან ამავე ფორუმზე თავისი განცხადებებით ყურადღება მიიქცია რუსეთის იუსტიციის მინისტრის სხვა მოადგილემ, ვადიმ ბალანინმა - რომელმაც ქორწინების რეგისტრირების გარეშე პირთა თანაცხოვრებას უწოდა "პირდაპირი საფრთხე ეროვნული უშიშროებისთვის". ხოლო თავად იუსტიციის მინისტრმა, კონსტანტინ ჩუიჩენკომ, ეჭვქვეშ დააყენა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პრიორიტეტის კონსტიტუციური პრინციპი - მისი განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობის პრინციპის უზრუნველყოფა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცება.

რუსეთში "უცხოეთის აგენტების" კანონი 2012 წელს შემოიღეს. კანონმა იუსტიციის სამინისტროს საშუალება მისცა, არაკომერციული ორგანიზაციები გამოეცხადებინა "უცხოეთის აგენტებად", თუ ისინი დაფინანსებას უცხოეთიდან იღებდნენ და პოლიტიკურ ქმედებებს აწარმოებდნენ. კრიტერიუმს, რომლითაც ამგვარი ქმედებები განისაზღვრება, კანონი მკაფიოდ არ განმარტავს, რაც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, დევნოს განათლების, კულტურის, ჯანდაცვის, ეკოლოგიის, უფლებების დაცვის სფეროებში მომუშავე ორგანიზაციები.

შემდგომში შესაძლებელი გახდა "უცხოეთის აგენტებად" მედიასაშუალებების და ფიზიკური პირების გამოცხადება, მათ შორის მათი, ვინც უცხოეთიდან დაფინანსებას არ იღებს, მაგრამ "იმყოფება უცხოეთის გავლენის ქვეშ". რას შეიძლება ნიშნავდეს უცხოეთის გავლენა - ამას რუსეთის კანონმდებლობა არ აკონკრეტებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG