Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუბიო: ანკორიჯში შეთანხმება არ ყოფილა, იყო მხოლოდ წინადადება

მარკო რუბიო, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
მარკო რუბიო, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

შარშან, აგვისტოში, ალასკაში გამართულ სამიტზე აშშ-სა და რუსეთს შორის შეთანხმება არ ყოფილა მიღწეული - უთხრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ჟურნალისტებს, ახლო აღმოსავლეთში თავისი ტურნეს დასრულების შემდეგ.

რუბიოს თქმით, ანკორიჯში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრისას განიხილებოდა "წინადადება" ომის დასრულების შესახებ, თუმცა არანაირი შეთანხმება არ ყოფილა. რუბიოს არ დაუკონკრეტებია, რაში მდგომარეობდა ეს წინადადება.

ბოლო პერიოდში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აშშ-ის ხელმძღვანელობას ადანაშაულებენ იმაში, რომ მათ თითქოს ვერ შეძლეს ანკორიჯში მიღწეული შეთანხმებების განხორციელება. ამაზე ილაპარაკეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.

ეს რა შეთანხმებებია - ამას მოსკოვი არ აკონკრეტებს, თუმცა რუსეთის წარმომადგენლები მიანიშნებენ, რომ მათი ნაწილი იყო უკრაინის დონეცკის ოლქიდან უკრაინის სამხედროების გაყვანა. კიევს ბევრჯერ აქვს ნათქვამი, რომ ამას არ ეთანხმება, ხოლო აშშ-ს არ დაუდასტურებია, რომ ამის შესახებ შეთანხმება არსებობდა რუსეთთან.

ტურნეს ფარგლებში რუბიო ჩავიდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქუვეითსა და ბაჰრეინში. ის აცხადებს, რომ მომავალ კვირაში შვეიცარიაში განახლდება ირანთან კონსულტაციები, კონფლიქტის დასრულების შესახებ მანამდე ხელმოწერილი მემორანდუმის პირობების განხორციელების თაობაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG