უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოების სამსახურს დაუმტკიცა რუსეთზე „ზემოქმედების 40-დღიანი ოპერაცია“.
- უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაციების ცენტრი „ალფა“ აქტიურადაა ჩართული რუსეთზე დრონებით შეტევებში როგორ უშუალოდ უკრაინის ფრონტზე, ისე რუსეთის ტერიტორიასა და ანექსირებულ ყირიმში.
რუსეთზე „ზემოქმედების 40-დღიანი ოპერაციის“ დამტკიცების შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში 25 ივნისს, დღის ბოლოს დაწერა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ევჰენ ხმარასთან შეხვედრის შემდეგ. მათ უსაფრთხოების სამსახურის ოპერაციების შედეგები და მათი გაგრძელების გეგმა განიხილეს.
პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, რუსეთზე „ზემოქმედების 40-დღიანი ოპერაციის“ მიზანია აგრესორ სახელმწიფოს ომის დასრულებისკენ უბიძგონ.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, სპეცოპერაციების ცენტრი „ალფა“ ლიდერობს საოკუპაციო ძალების პირადი შემადგენლობისა და ტექნიკისთვის ზიანის მიყენებაში.
- ბოლო თვეებში უკრაინის თავდაცვის ძალებმა, რომელთა შემადგენლობაშიც უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფებიც არიან, მნიშვნელოვნად გაზარდეს შეტევის მასშტაბი როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქ მოსკოვზე, ისე რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმზე.
- დარტყმის ქვეშაა რუსული არმიის ობიექტები, სამხედრო მრეწველობის და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ნავთობის ტერმინალები და ტრანსპორტირების მარშრუტები.
- რუსეთში ბენზინის გაყიდვა შეზღუდეს, ანექსირებულ ყირიმში კი სრული დეფიციტი შეიქმნა.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 ივნისს უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია რუსებმა ომი იგრძნონ და რუსეთმა იცოდეს, რომ არ გამოუვა უკრაინელების მიწების იოლად და დაუსჯელად მოპარვა.
ზელენსკის თანახმად, რუსეთს არ მისცემენ უფლებას, რომ უკრაინის მიწა გამოიყენოს ომის გაჭიანურების ინსტრუმენტად და დაუსრულებელი ოკუპაციისთვის. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ყირიმში ოპერაცია მკაფიოდ გათვლილია და გაგრძელდება. ზელენსკის განცხადებით, უკრაინა უზრუნველყოფს ისეთ პირობებს, რომ რუსეთი იძულებული გახდება მშვიდობას დასთანხმდეს.
ფორუმი