პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში მისი სახელით გავრცელებულ პოსტში აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, თავად არ მოითხოვს კლინიკაში გადაყვანას და ამ პასუხისმგებლობის აღებისკენ პენიტენციურ სამსახურს მოუწოდებს.
"რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სისტემა რუსულია და მათთვის უკანონობისა და არაადამიანურობის ფსკერი არ არსებობს. ცალსახად და მკაფიოდ ვაცხადებ: თუ ჩემს კლინიკაში გადაყვანას დამოკიდებულს გახდიან ჩემს თხოვნა/მოთხოვნაზე, დაივიწყონ. არც ერთ ვითარებაში ჩემგან თხოვნას არ მიიღებთ. ექვსი თვის თავზე დიაგნოზამდე მიგიყვანეთ. ეხლა მიიღეთ გადაწყვეტილება და აიღეთ პასუხისმგებლობა. ასევე, ხაზგასმით მინდა ვთქვა, ამ პროცესზე პასუხისმგებელია პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის მიმართულება", - ნათქვამია ელენე ხოშტარიას სახელით გამოქვეყნებული პოსტში.
ის ყველას მადლობას უხდის თანაგრძნობისთვის, განსაკუთრებით მკურნალ ექიმს, რევმატოლოგ მაკა იოსელიანს.
ელენე ხოშტარიას მკურნალმა ექიმმა საპატიმროში მისი მონახულების შემდეგ გუშინ, 25 ივნისს, განაცხადა, რომ პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს კვლევები.
რა თქვა ექიმმა
პროფესორმა, რევმატოლოგმა მაკა იოსელიანმა, - რომელიც „ნიუ ჰოსპიტალსში“ მუშაობს, - 25 ივნისს, საღამოს რვა საათზე პრესკონფერენციაზე განაცხადა:
„პაციენტის გასინჯვის შედეგად რამდენიმე სახსრის დაზიანება გამოვლინდა, - როგორც პერიფერიული, ისე ცენტრალური სახსრებისა.
საუბარია წვრილ სახსრებზე, ფალანგებზე, მუხლებზე, მენჯ-ბარძაყებზე, რომელთა ნაწილის გასინჯვა ვერ მოხერხდა ძლიერი ტკივილის გამო, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტს ამის მცდელობა ჰქონდა“.
„ძლიერი ტკივილი“ - რას აღწერს ექიმი
ექიმის თქმით, გაეცნო რადიოლოგიურ კვლევას, რომელიც 2026 წლის აპრილშია ჩატარებული, - კვლევით ვლინდება „რევმატული დაავადებისთვის დამახასიათებელი ცვლილებები, არის სახსრის გავა-თეძოს სახსარი, რომლის ანთებაც არის აღწერილი“.
„არის ძლიერი ტკივილი, უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება, ხელჯოხს ხმარობს, უჭირს, თუმცა ასრულებს გარკვეულ მოძრაობებს თვითმომსახურების ფარგლებში“, - თქვა მან.
ექიმ მაკა იოსელიანის თანახმად, არსებული მონაცემების მიხედვით, საუბარია რევმატულ პათოლოგიაზე: „ანთებით სახსროვან პათოლოგიაზე, რომელიც, სავარაუდოდ, პროგრესირებს, რადგან 2024 წელს მხოლოდ პერიფერიული სახსრები იყო“.
„2024 წელს თურქი ექიმების მიერ დაისვა დიაგნოზი რეაქტიული ართრიტი, ახლა ვითარება რადიკალურად შეცვლილია“, - განაცხადა მან.
მისივე განცხადებით, 2024 წელს თურქეთში კვლევით ხოშტარიას დაუდგინეს „ჰემოლიზური ანემიის არსებობა“, იმავე პერიოდში საუბარი იყო გარკვეულ ინფექციებზეც, რომლებზეც მკურნალობა ჩაუტარდა, იმავე წლის გარკვეულ პერიოდში - ფილტვის დაზიანებაზეც, თუმცა ამის სრულად შემოწმება ვერ მოხდა.
„მულტიპროფილურ კლინიკაში“
მისი თქმით, ეს ყველაფერი აუცილებელს ხდის გამოკვლევების ჩატარებასა და სხვადასხვა სპეციალისტის კონსულტაციას.
„უამრავი კვლევა [უნდა] ჩატარდეს. უნდა განისაზღვროს, თუ რა როლი აქვს ავტოიმუნურ ჰემოლიზურ ანემიას, რომელიც თურქეთის რესპუბლიკაში [გამოავლინეს], ეს საფრთხე მხოლოდ ჰორმონის მაღალი დოზის გამოყენების შემდეგ მოიხსნა“.
„ვფიქრობ, რომ კვლევა მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩატარდეს, რადგან გამოირიცხოს ყველა შესაძლო ვარიანტი, გაითვალოს ყველა რისკი“, - განაცხადა მან.
„არცერთი ქვეყნის ექიმი გამოკვლევას არ და ვერ დაიწყებს, სანამ სრულად კვლევა არ ჩატარდება“, - განაცხადა მაკა იოსელიანმა.
რას ამბობს დედა
ელენე ხოშტარიას დედამ ირინა გუნცაძემ „ფორმულასთან“ სატელევიზიო ჩართვისას განაცხადა:
„ის, რაც მე ვნახე, წარმოუდგენელია. ოსვენციმი მოაწყვეს აქ, თუ რაშია საქმე? რას ბოდიალობენ, რას ლაპარაკობენ საერთოდ [ხელისუფლების წარმომადგენლები]?!
მოხრილია, წელში ვერ იმართება, ჯოხზე დაყრდნობილია, - ოღონდ ძალიან ძლიერია შინაგანად...
შეიძლება შოკში ჩავარდეს ტკივილისგან. იცით, რა ტკივილს იტანს?! ჯერ როგორ გამოიყურება, - გალურჯებულია, არ სძინავს ღამე ტკივილისგან“.
ექიმმა მაკა იოსელიანმაც განაცხადა, რომ „პაციენტის გასინჯვა ძნელი იყო, მიუხედავად მისი მონდომებისა“:
„ეს გაძნელება ჰქონდა ტკივილის გამო. პაციენტს სამედიცინო მაგიდაზე გასინჯვისთვის დაწოლა გაუძნელდა. ვერ გავსინჯეთ ტკივილის გამო - გავა-თეძოს სახსარი, ვერ შეფასდა ვერც მენჯ-ბარძაყის სახსრის მოძრაობა“, - თქვა მან.
„არასოდეს გაღიარებთ“ - ხოშტარია
ელენე ხოშტარია წინა საღამოს, 24 ივნისს, გამოეხმაურა თავის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ფეისბუკზე დაწერა:
„მეცინება, როცა „ქოცებს“ ჰგონიათ, არ მკურნალობით, მისი გაჯანჯლებით, უღირსობით, ილუზიის შექმნით, რომ ძალაუფლება აქვთ, რამეს დამაკლებენ.
კიდევ ერთხელ გიმეორებთ - არასდროს არაფერს არ გთხოვთ, არასდროს არ გაღიარებთ. უკიდურესად მშვიდად და მტკიცედ ვარ. თქვენ იდარდეთ. ვერ მომერევით, ეს კარგად დაიმახსოვრეთ!“
მკურნალი ექიმის შესვლას ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად სწორედ 24 ივნისს ელოდნენ, თუმცა ეს ვერ მოხერხდა.
- 17 ივნისს ელენე ხოშტარიას ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ რუსთავის ციხეში მყოფი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და მას მკურნალობა სჭირდება.
- პენიტენციურმა სამსახურმა განცხადებით უპასუხა ხოშტარიას ადვოკატს. უწყების განმარტებით, პოლიტიკოსი „შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის სამედიცინო სერვისით“.
- სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მზადაა ელენე ხოშტარიასადმი გაწეული სამედიცინო დახმარების შესწავლით, მისი თანხმობის შემთხვევაში, რაზეც ის არაა თანახმა.
ფორუმი