არასამთავრობო ორგანიზაციის, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2026 წლის 25 ივნისს დაიწყო არსებითი განხილვა ხუთი ქართული სამოქალაქო ორგანიზაციის: "სოციალური სამართლიანობის ცენტრის", "სამოქალაქო საზოგადოების ფონდის", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების", "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)" და "საფარის" საბანკო ანგარიშების დაყადაღების საქმეზე.
ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევროპულ სასამართლოს 2025 წლის 15 ოქტომბერს მიმართეს.
ევროპულმა სასამართლომ სარჩელს მნიშვნელოვანი გავლენის მქონე საქმის სტატუსი მიანიჭა - რაც ნიშნავს, რომ საქმეს შესაძლოა განსაკუთრებული გავლენა ჰქონდეს სასამართლოს პრაქტიკაზე, ეროვნულ კანონმდებლობასა და უფრო ფართო უფლებრივ და საზოგადოებრივ საკითხებზე.
"საქმის არსებითი განხილვის ამ რეჟიმში დაწყება მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეზღუდვას, ადამიანის უფლებადაცვითი საქმიანობის კრიმინალიზებასა და დამოუკიდებელი ორგანიზაციების დევნას, დაექვემდებარება საერთაშორისო სამართლებრივ შეფასებას და ვერ დარჩება სათანადო რეაგირების გარეშე", - ნათქვამია ISFED-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საჩივრის არსი - რაზე დავობენ მომჩივნები სტრასბურგში
- ორგანიზაციები საჩივარში დავობენ, რომ საბანკო ანგარიშების დაყადაღებით დაირღვა
- ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 (გაერთიანების თავისუფლება),
- პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი (საკუთრების დაცვა);
- ასევე, კონვენციის მე-18 მუხლი ამ მუხლებთან ერთობლიობაში, რომელიც ეხება იმას, რომ სახელმწიფომ უფლების შეზღუდვა არ შეიძლება გამოიყენოს კონვენციით გათვალისწინებულისგან განსხვავებული, ბოროტი მიზნებისთვის.
ორგანიზაციები სარჩელში ასევე დავობენ, რომ განმცხადებელთა საბანკო ანგარიშების დაყადაღება წარმოადგენს ჩარევას მათი საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის უფლებაში კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის მიხედვით, ხოლო ეს ჩარევა იყო უკანონო, არ ემსახურებოდა რომელიმე ლეგიტიმურ მიზანს და იყო არაპროპორციული.
კონვენციის მე-18 მუხლთან მიმართებით განმცხადებლები ასევე უთითებენ, რომ ხელისუფლების მიერ ორგანიზაციების უფლებების შეზღუდვის რეალური მიზანი კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განადგურებაა.
შვიდი სამოქალაქო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღება
შვიდი ქართული სამოქალაქო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს პროკურატურის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყადაღა 2025 წლის აგვისტოში დაადეს.
პროკურატურის მტკიცებით, ისინი „კოორდინირებულად“ აფინანსებდნენ წინა წელს საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეებს - „სამართალდამცავთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებებისათვის“.
ფორუმი