Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მონაკოში აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდნენ უკრაინელი ბიზნესმენი და მისი ოჯახის წევრები - მედია

მონაკოს რაიონი, სადაც 29 ივნისს ღამით აფეთქება მოხდა
მონაკოს რაიონი, სადაც 29 ივნისს ღამით აფეთქება მოხდა

სამი ადამიანი დაშავდა მონაკოში 29 ივნისს ღამით მომხდარი აფეთქების შედეგად. მედიის ცნობით, ერთ-ერთი უკრაინელი ბიზნესმენი ვადიმ ერმოლაევია.

სამეთვალყურეო კამერებმა დააფიქსირეს მამაკაცი, რომელმაც სახლის შესასვლელთან ზურგჩანთა დატოვა. მოგვიანებით, როცა სახლში სამი ადამიანი შედიოდა, აფეთქება მოხდა. პოლიცია ეჭვმიტანილს ეძებს.

გამოცემა „ფიგაროს“ ინფორმაციით, სამივე დაშავებული ერთი უკრაინული ოჯახის წევრია - 50 წელზე უფროსი ასაკის მშობლები და 13 წლის მოზარდი. მშობლების მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო ბავშვის - საშუალო სიმძიმის.

სააგენტო „ფრანს პრესმა“ საგამოძიებო სამსახურებში თავის ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ერთ-ერთი დაშავებული მონაკოში მცხოვრები უკრაინელი ბიზნესმენი ვადიმ ერმოლაევია. ეს ორმა წყარომ დაუდასტურა გამოცემა „უკრაინსკა პრავდასაც“.

აფეთქება მოხდა მონაკოს იმ რაიონში, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება საფრანგეთის ქალაქ ნიცას. მონაკოს მთავრობის ინფორმაციით, დაშავებულები ნიცის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მთავრობის ოფიციალური ცნობის მიხედვით, სამეთვალყურეო კამერებმა დააფიქსირეს ეჭვმიტანილი, რომელიც საფრანგეთის ტერიტორიისკენ გაიქცა.

  • სავაჭრო-სამრეწველო კორპორაცია „ალეფის“ დამფუძნებელი ვადიმ ერმოლაევი ბიზნესმენია უკრაინის ქალაქ დნიპროდან.
  • ერმოლაევი რეგულარულად იყო უკრაინის 100 ყველაზე მდიდარი ადამიანის რეიტინგში, რომელსაც გამოცემა „ფორბსი“ ადგენს.

2023 წელს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვადიმ ერმოლაევს სანქციები დაუწესა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ერმოლაევის კომპანია ანექსირებულ ყირიმში საქმიანობდა და გადასახადებს რუსეთს უხდიდა.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, ვადიმ ერმოლაევმა უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა კვიპროსის პასპორტის სანაცვლოდ.


ფორუმი

XS
SM
MD
LG