სასამართლო სხდომა, რომელსაც მხოლოდ შსს-ს წარმომადგენელი სალომე ქირია ესწრებოდა, 5 წუთს გაგრძელდა.
მოსამართლე დავით მაკარაძემ გადაწყვეტილება ნატა ფერაძის დაჯარიმების შესახებ ასე დაასაბუთა:
„რაც შეეხება მის პიროვნებას, ქალბატონი ნატალია რამდენიმე თვის წინ ასევე დაჯარიმებულია 173-ე 16 პრიმა მუხლის თანახმად, 4000 ლარით... ის მიდრეკილია მსგავსი ქმედებისკენ. ამასთანავე, როდესაც მას ჩაბარდა უწყება, ჩანს, რომ აშკარად მწყრალადაა ზრდილობასთან და კულტურასთან და აქედან გამომდინარე, მის მიმართ მაქსიმალური ჯარიმა იქნა გამოყენებული“.
შსს-ს იურისტმა სალომე ქირიამ სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ შსს ნატა ფერაძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ორი პოსტის გამო ედავებოდა.
მისი განმარტებით, ერთი პოსტი, რომელიც „გაურკვეველია ვის მიემართება, მაგრამ აქვს წვრილმანი ხულიგნობის შემადგენლობა“, ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე 13 ივნისს განათავსა. რაც შეეხება მეორე პოსტს, სალომე ქირიას თქმით, ეს პოსტი, რომლითაც „შეურაცხყოფა მიაყენა ბერა ივანიშვილს“, სამოქალაქო აქტივისტმა სოციალურ ქსელში 15 ივნისს გამოაქვეყნა.
ნატა ფერაძეს სოციალურ ქსელში ტექსტით „იძი ნა *** **ო“, გაზიარებული ჰქონდა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ქარდი ბერა ივანიშვილის ციტატით.
ნატა ფერაძემ სასამართლოში დაბარების შესახებ მცირე ვიდეო ფეისბუკში რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. ვიდეოჩანაწერში ისმის, როგორ ესაუბრება ის ტელეფონით შსს-ს წარმომადგენელს, რომელიც ატყობინებს, რომ შსს მას ბერა ივანიშვილის შეურაცხყოფას ედავება და კარნახობს სხდომის ჩატარების თარიღსა და მოსამართლის ვინაობას.
ვიდეოში ისმის, რომ ნატა ფერაძე შსს-ს წარმომადგენელს აძლევს ე.წ. რჩევას, რომელიც მან მოსამართლეს უნდა გადასცეს: „დაახვიოს ის ოქმი და შეტენოს ტ***ში ბერა ივანიშვილს, გადაეცით ჩემგან“, - ამბობს ის სატელეფონო საუბრისას.
სასამართლოებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყოველდღე რამდენიმე პროცესი ტარდება სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარდგენილ საქმეებზე. ამ სხდომებზე, რომლებიც ხანდახან სულ რამდენიმე წუთს გრძელდება, შსს მოქალაქეებს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსების, და არა მხოლოდ მათ, საჯარო შეურაცხყოფას ედავება.
პირველი ივნისიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ახალი სამმართველოს ინსპექტორები, როგორც თავად უწოდებენ, სოციალური ქსელების „მონიტორინგს“ შეუდგნენ, უკვე არაერთი ადამიანია დაჯარიმებული 2000-დან 4000 ლარამდე.
მხოლოდ 30 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ წარდგენილი 7 საქმე განიხილება.
ის კომენტარები, რომელთა გამოც სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მოქალაქეებს სავარაუდო სამართალდამრღვევებად მიიჩნევს და მათი საქმეები სასამართლოში მიაქვს, სოციალურ ქსელებში რჩება და ყველასთვის ხელმისაწვდომია იმ შემთხვევაში, თუკი თავად პოსტის ან კომენტარის ავტორი არ გადაწყვეტს, რომ ის წაშალოს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს კომენტარებისა თუ პოსტების წაშლის ვალდებულებას და შესაბამისად, ვერავინ, მათ შორის ვერც მოსამართლე ვერ დაავალდებულებს დაჯარიმებულ მოქალაქეებს, წაშალონ ის კომენტარები, რომლებსაც შსს წვრილმან ხულიგნობად ან პოლიტიკოსის შეურაცხყოფად, გადაკიდებად და საზოგადოებრივი წესრიგისა და სიმშვიდის დარღვევად მიიჩნევს.
შსს მოქალაქეებს ორი მუხლით ედავება: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე 16 პრიმა მუხლი - სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება და 166-ე მუხლი - წვრილმანი ხულიგნობა - საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს. ეს მუხლები, ჯამში, 1500-დან 6000 ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ფორუმი