პარტია "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინა ივანიშვილი, წერილობით პასუხობს მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის მიმართვას.
ეკატერინა ივანიშვილი ეკა ხვედელიძეს თანაუგრძნობს და სწერს, რომ "ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა" მისი "ჭირისუფალია".
ამასთან ის სწერს, რომ დარწმუნებულია, სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ, რათა არცერთი შეკითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი.
"მთელი გულით თანაგიგრძნობთ და ვიზიარებ თქვენს უმძიმეს ტრაგედიას. ვიცი, რომ არ არსებობს სიტყვა, რომელიც დედას შვილის დაკარგვის ტკივილს შეუმსუბუქებს, თუმცა მინდა იცოდეთ, რომ ამ მწუხარებაში მარტო არ ხართ და ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია.
რაც შეეხება ჩემდამი თქვენს მოწოდებას; როგორც ჩემთვის ცნობილია, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ და ყველა გარემოება სრულად იქნება შესწავლილი, რათა თქვენს თავს დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი.
როგორც დედა-დედას, როგორც ქალი-ქალს, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, ძალას და სიმშვიდეს", - ნათქვამია ეკატერინა ივანიშვილის წერილში, რომელიც "ქართული ოცნების" პრესსამსახურმა მიაწოდა რადიო თავისუფლებას.
რას სთხოვდა ეკა კუპატაძე ეკატერინა ივანიშვილს
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე გუშინ, 29 ივნისს, ადვოკატ ზაზა ხატიაშვილთან ერთად იმყოფებოდა ბიძინა ივანიშვილის სახლთან და მის ცოლს, ეკატერინა ივანიშვილს, სთხოვა, დამდგარიყო მისი, როგორც შვილმკვდარი დედის, გვერდით.
„ქალბატონო ეკატერინე ხვედელიძე, მე ვიცი, რომ თქვენ ბრძანდებით მოსიყვარულე დედა. ამიტომ, დღეს ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახლთან კი არა, მისი შვილების დედის სახლთან მოვედი. ოთხი შვილის გამზრდელი დედის სახლთან მოვედი სადისტურად შვილმოკლული დედა. ღმერთმა თქვენ ის სიმწარე არ გამოგაცდევინოთ, რაც მე გავიარე. გონებით უნდა გამომყვეთ და მიხვდეთ, რა სიგიჟეში ვარ მე დღეს, რამ მომიყვანა მე დღეს აქ. თქვენ უნდა გადადგათ ისტორიული ნაბიჯი და ამომიდგეთ გვერდით, როგორც დედა გამწარებულ დედას. გიგა ავალიანს არასდროს გაუვა ვადა! არ არსებობს ძალა, რომელიც უკან დაახევინებს. გთხოვთ, გვერდით დამიდექით. ველოდები თქვენგან უკუკავშირს", - მიმართა კუპატაძემ ეკატერინა ხვედელიძეს.
მისი ადვოკატის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, ეკა კუპატაძე "ითხოვს პროკურატურისგან პასუხს, რატომ არ აძლევენ დაზარალებულის სტატუსს, პროკურატურის უკანონო მოქმედებების გამო მიყენებული სულიერი ტანჯვის გამო".
გიგა ავალიანის საქმე
მასწავლებელ გიგა ავალიანზე ძალადობის შემდეგ - რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა - სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით, ჯამში, ხუთი არასრულწლოვანია მსჯავრდადებული. ორ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.
28 წლის მასწავლებელს, გიგა ავალიანს, თბილისში, თემქის დასახლებაში, 2025 წლის პირველ ოქტომბერს არასრულწლოვანები თავს დაესხნენ და იძალადეს. მან 23 დღეს იცოცხლა და 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
ფორუმი