აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შარშანდელი წლის განმავლობაში მხოლოდ კრიპტოვალუტების მეშვეობით 1,2 მილიარდი დოლარი მოგება მიიღო. ამის შესახებ 1 ივლისს იტყობინება სააგენტო AFP პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი საშემოსავლო დეკლარაციის მიხედვით გაკეთებული დაანგარიშების საფუძველზე. თეთრი სახლი უარყოფს კრიტიკას სახელმწიფოს მეთაურის შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე.
1978 წელს მიღებული კანონი აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს ავალდებულებს მათი შემოსავლებისა და ქონების გასაჯაროებას.
ტრამპის მიერ წარმოდგენილი ფინანსური დეკლარაციის თანახმად, პრეზიდენტმა თითქმის 500 მილიონი დოლარი შემოსავალი მიიღო კომპანია World Liberty Financial-ის გზით, რომელსაც მისი ოჯახი აკონტროლებს. სალიცენზიო გადარიცხვებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია 2025 წელს გამოშვებულ ე.წ. Trump-Coin-თან, ტრამპმა, დეკლარაციის თანახმად, მიიღო 635 მილიონი დოლარი. AFP-ის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტის პირადი ქონების მკვეთრი ზრდის მთავარი მიზეზია მისი საქმიანობა კრიპტოვალუტების სფეროში. ჟურნალ Forbes-ის ცნობით, 2024-დან 2026 წლამდე პერიოდში ის თითქმის გასამმაგდა - 2,3 მილიარდიდან 6,5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
როგორც Deutsche Welle აღნიშნავს, ტრამპს ხშირად სდებენ ბრალს ინტერესთა კონფლიქტში, ვინაიდან ის ხელს უწყობს კრიპტოვალუტების სექტორის დერეგულაციას და ამავე დროს თავად დებს ამ სფეროში ინვესტიციებს. 30 ივნისს თეთრმა სახლმა კვლავ უარყო ეს ბრალდება.
„არც პრეზიდენტი, არც მისი ოჯახი არასოდეს არ ყოფილა და არ იქნება ჩართული ინტერესთა კონფლიქტში,“ განაცხადა ტრამპის პრესმდივანმა ანა კელიმ. მისი სიტყვებით, საამაყოა, რომ პრეზიდენტმა „აშშ კრიპტოვალუტების მსოფლიო დედაქალაქად აქცია“.
ფორუმი