Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის ხელისუფლებამ მოქალაქეებს ურჩია, რუსეთში არ გაემგზავრონ და სამშობლოში დაისვენონ

უკრაინის გენშტაბში უარყვეს, რომ 2 ივლისს უკრაინელმა სამხედროებმა დრონით შეტევა მიიტანეს ავტობუსზე ბრიანსკის ოლქში
უკრაინის გენშტაბში უარყვეს, რომ 2 ივლისს უკრაინელმა სამხედროებმა დრონით შეტევა მიიტანეს ავტობუსზე ბრიანსკის ოლქში

კრემლის მოკავშირე ბელარუსის ხელისუფლებამ ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ რუსეთში გამგზავრებისგან და სამშობლოში დაისვენონ.

მინსკის მოწოდება მოჰყვა რუსეთის ბრიანსკის ოლქში 2 ივლისს მომხდარ ინციდენტს.

ბელარუსის ხელისუფლების თანახმად, მოსაზღვრე ბრიანსკის ოლქში მდებარე გამშვებ პუნქტთან დრონით დარტყმა იყო ტურისტულ ავტობუსზე, რომლითაც ბელარუსის მოქალაქეები მინსკიდან მიემგზავრებოდნენ რუსეთის შავი ზღვის საკურორტო ქალაქ ანაპაში. დაშავდა სამი ადამიანი.

რუსეთმა დრონით შეტევაზე პასუხისმგებლობა უკრაინას დააკისრა და საქმე „ტერაქტის“ მუხლით აღძრა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესმდივანმა ანდრი კოვალევმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ განუცხადა, რომ თავდაცვის ძალებს დასახელებულ სამოქალაქო ტრანსპორტზე არანაირი შეტევა არ მიუტანიათ და რუსეთის ბრალდება სიცრუეა.

ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტამ“ 2 ივლისს საღამოს გაავრცელა უშიშროების საბჭოს მდივნის, ალიაქსანდ ვოლფოვიჩის განცხადება, რომ ბელარუსის მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ რუსეთში გამგზავრებისგან, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში.

ვოლფოვიჩმა მათ შეახსენა, რომ დრონების და სხვა საფრთხეთა გამო მსგავსი მოწოდება არაერთხელ ყოფილა პრეზიდენტ ლუკაშენკასგან.

ბელარუსის უშიშროების საბჭოს მდივანმა „შესანიშნავი“ უწოდა შავ ზღვაზე, ანაპაში დასვენების იდეას, მაგრამ, მისი განცხადებით, გზად ბელარუსის მოქალაქეების უსაფრთხოება გარანტირებული ვერ იქნება. ვოლფოვიჩმა მათ ურჩია, დაისვენონ სამშობლოში, სადაც ბევრი კარგი ადგილია.




ფორუმი

XS
SM
MD
LG