Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთმა მიიღო კანონი, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის უფლებას ზღუდავს

ფაშინიანმა ნათლად განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია გააგრძელებს ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკას და ფორმალურადაც არ შეაჩერებს სომხეთის წევრობას კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში.
ფაშინიანმა ნათლად განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია გააგრძელებს ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკას და ფორმალურადაც არ შეაჩერებს სომხეთის წევრობას კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში.

სომხეთის პარლამენტმა პარასკევს მიიღო კანონი, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის დაბრკოლებას უქმნის სახლში დაბრუნებასა და ხმის მიცემას.

კანონი მას შემდეგ მიიღეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია მოსკოვის მცდელობების შესახებ, გამოეყენებინა რუსეთში მცხოვრები სომხები გასულ თვეში არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით.


სომხეთს, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, დაახლოებით 3 მილიონი მოსახლეობა და საკმაოდ დიდი დიასპორა ჰყავს საზღვარგარეთ, მათ შორის რუსეთში, რომლის თქმითაც, იქ 2 მილიონზე მეტი სომეხი მუშაობს.

პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულებამ“ 7 ივნისის არჩევნებში ხმების 49.8%-ით გაიმარჯვა. პარტიის კანონმდებლებმა ახალი კანონპროექტი ამის შემდეგ მალევე წარადგინეს და განაცხადეს, რომ მათ სურდათ იმის უზრუნველყოფა, რომ ხმის მიცემა შეეძლოთ მხოლოდ იმ სომხებს, რომლებიც იცნობენ ქვეყანას და ესმით მისი გამოწვევები.

მაისში Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი აძლიერებს ფარულ ძალისხმევას ფაშინიანის ხელახალი არჩევნებისთვის ხელის შეშლის მიზნით, რადგან შეშფოთებულია იმით, რომ ის სამხრეთ კავკასიურ ქვეყანას დასავლეთთან აახლოებს და აშორებს რუსეთს, მის ტრადიციულ მფარველს.

დასავლური დაზვერვის ხუთ ოფიციალურ პირთან ინტერვიუებისა და Reuters-ის მიერ ნანახი დოკუმენტების თანახმად, სქემა მოიცავდა რუსეთში მცხოვრები ათიათასობით სომხის სომხეთში გადაყვანის გეგმებს, რათა მათ არჩევნების შედეგებზე მოეხდინათ გავლენა.

რუსეთმა ჩარევის ბრალდებებს „ჯაშუშომანია“ უწოდა და განაცხადა, რომ არჩევნების დროს, რომელშიც ფაშინიანმა გაიმარჯვა უპირატესად პრორუსულ ოპოზიციაზე, იყო დარღვევები.

ახალი კანონის თანახმად, სომხეთის მოქალაქეებს ახლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ ხმის მიცემა მორიგ არჩევნებში, თუ არჩევნებამდე, ათვლა 48 დღით ადრე იწყება, ისინი სომხეთში ცხოვრობდნენ წინა ორი წლის, სულ მცირე, ნახევრის განმავლობაში. ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში, ათვლა განხორციელდება არჩევნებამდე 28 დღით ადრე.

სომხეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჯგუფმა პარასკევს მიღებული კანონპროექტი დაგმო და არაკონსტიტუციურად მიიჩნია, და ღია წერილში დაწერა, რომ ის „საფრთხის ქვეშ აყენებს დემოკრატიულ პრინციპებს და არღვევს მოქალაქეების პოლიტიკურ უფლებებს“.

ბოლო წლებში რუსეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დაძაბულია - სომხეთის მიერ საგარეო პოლიტიკაში დასავლეთისკენ ინტეგრაციის ღია სურვილის გაჩენის შემდეგ.

ფაშინიანმა ნათლად განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია გააგრძელებს ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკას და ფორმალურადაც არ შეაჩერებს სომხეთის წევრობას კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში. სომხეთი უკმაყოფილოა აზერბაიჯანთან დაპირისპირების დროს ორგანიზაციის წევრების ინერტულობის გამო.

სომხეთის პრემიერმინისტრმა ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს თქვა, არსებულ პირობებში შეუძლებელი ხდება ერევნის დაბრუნება ამ გაერთიანებაში.

ფაშინიანმა განმარტა: “…მათ გადაწყვიტონ, რაც სურთ. ჩვენ არ ვერევით მათ საქმეებში და არ ვაცხადებთ, რომ დე იურე გვაქვს ვეტოს უფლება. და ამას ვამბობ ჩვენი კოლეგების მიმართ სრული პატივისცემით,“ აღნიშნა პრემიერმა პარლამენტში გამოსვლის დროს.


ასეთი განცხადება გაისმა 2024 წლის ნოემბერში ასტანაში ორგანიზაციის სამიტის შედეგებზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კომენტარების შემდეგ. მაშინ რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ ყარაბაღისთვის ომის დროს არ დაიჭირა ერევნის მხარე, ვინაიდან სიტუაცია არ შეიძლებოდა ყოფილიყო კვალიფიცირებული როგორც სომხეთის წინააღმდეგ საგარეო აგრესია. პუტინმა სომხეთს არჩევანის გაკეთება მოსთხოვა დასავლეთსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან გაერთიანებაში ყოფნას შორის.


ფორუმი

XS
SM
MD
LG