Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენესუელაში მიწისძვრიდან რვა დღის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი კაცი ამოიყვანეს

ვენესუელა მიწისძვრის შემდეგ, 25 ივნისი, 2026 წელი
ვენესუელა მიწისძვრის შემდეგ, 25 ივნისი, 2026 წელი

ვენესუელაში, დამანგრეველი მიწისძვრებიდან რვა დღის შემდეგ, მაშველებმა ცხრასართულიანი შენობის ნანგრევებიდან კაცი ცოცხალი ამოიყვანეს. სამაშველო ოპერაცია, რომელიც 70 საათს გრძელდებოდა, სპეციალისტები „სასწაულს“ უწოდებენ.

ჰერნან ალბერტო ხილ ფლორესი, ლა-გუაირაში ჩამონგრეული სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომის დაახლოებით 9-მეტრიანი ნანგრევების ქვეშ იყო მოყოლილი. ოპერაციაში ადგილობრივ მაშველებთან ერთად საერთაშორისო სამაშველო ჯგუფებიც მონაწილეობდნენ.

ჩილეს სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, 40-წლამდე ჰერნან ხილი სავაჭრო ცენტრში დაცვის თანამშრომლად მუშაობდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.

სამაშველო ჯგუფების ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციისას ჰერნან ხილთან კონტაქტი ჰქონდათ. სპეციალური მილისა და შპრიცის საშუალებით აწვდიდნენ წყალს, საკვებს, მედიკამენტებსა და სითხეებს.

ვენესუელის წითელი ჯვრის პარამედიკოსმა ლუის როდრიგესმა, რომელიც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა, სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ მამაკაცი სასწრაფო დახმარების მანქანაში გადაყვანის დროს სტაბილურ მდგომარეობაში იყო.

„მთელი გზის განმავლობაში გონზე იყო, გარემოს ადეკვატურად აღიქვამდა, თანამშრომლობდა და ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმის ფარგლებში ჰქონდა“, - თქვა როდრიგესმა.

ჩილეს სახანძრო სამსახურმა ოპერაცია „უკიდურესად რთულად“ შეაფასა, რადგან დაზიანებული შენობა კვლავ არასტაბილური იყო და მაშველებს ჩამოშლის საფრთხის პირობებში უწევდათ მუშაობა.

გაეროს კატასტროფების შეფასებისა და კოორდინაციის ჯგუფის წარმომადგენელმა სებასტიან მოკორკერმა CNN-ს განუცხადა, რომ მიწისძვრიდან შვიდი დღის შემდეგ გადარჩენის შემთხვევები პრაქტიკულად „სასწაულს“ წარმოადგენს. მისი თქმით, გადარჩენილთა აღმოჩენის ე.წ. „ოქროს ფანჯარა“ ჩვეულებრივ დაახლოებით სამი დღეა, რის შემდეგაც, განსაკუთრებით წყლის გარეშე, ადამიანის გადარჩენის შანსი მკვეთრად მცირდება.

სანაპირო ქალაქი ლა-გუაირა, სადაც ჰერნან ხილი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, ორი ძლიერი მიწისძვრით ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებს შორისაა. ქალაქში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

4 ივლისის მონაცემებით, რომელსაც სააგენტო Reuters აქვეყნებს, ვენესუელაში, 24 ივნისს მომხდარი ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, დაღუპულია 2 645 ადამიანი, თუმცა, სპეციალისტთა შეფასებებით, მსხვერპლის რეალური რაოდენობა, სავარაუდოდ, გაცილებით მაღალია.

ვენესუელის ინფორმაციის სამინისტროს ცნობით, მიწისძვრების შედეგად დაშავებულია 12 000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო 15 000 - უსახლკაროდაა დარჩა. ქვეყანაში სამაშველო და აღდგენითი სამუშაოები კვლავ გრძელდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG