„როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელის, იგორ ჩაიკას შესაბამისი განცხადება უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მასში ნათქვამია, რომ „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენელი მოლდოვაში რუსეთის საელჩოს შემადგენლობაში იმუშავებს.
საელჩოს მეშვეობით, „როსსოტრუდნიჩესტვო“ გააგრძელებს უცხოელი სტუდენტების შერჩევას რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო კვოტებით სწავლისთვის, ასევე გააგრძელებს საერთაშორისო ჰუმანიტარული თანამშრომლობის სფეროში ღონისძიებების ჩატარებას.
„დარწმუნებულები ვართ, რომ მოლდოვის მოქალაქეები არ დაკარგავენ ინტერესს რუსული ენის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ნოემბერში მოლდოვის პარლამენტმა გააუქმა რუსეთთან 1998 წელს დადებული მთავრობათაშორისი შეთანხმება კულტურული ცენტრების შექმნისა და მუშაობის შესახებ, რომლის საფუძველზეც 2009 წელს კიშინიოვში გაიხსნა მეცნიერებისა და კულტურის რუსული ცენტრი (რუსული სახლი).
ეს მოხდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ (მოლდოვის ხელისუფლებამ რუსეთი დაადანაშაულა ამ არჩევნებში ჩარევაში), დიპლომატების ორმხრივი გაძევებისა და დნესტრისპირეთის გარშემო დაძაბულობის ფონზე, აღნიშნავს „ნასტოიაშჩეე ვრემია“ - რადიო თავისუფლების რუსულენოვანი სატელევიზიო პროექტი.
ფორუმი