Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში გაძარცვეს ლალიკის მუზეუმი

რენე ლალიკის ნამუშევრები Wingen-sur-Moder-ის მუზეუმში (არქივი)
რენე ლალიკის ნამუშევრები Wingen-sur-Moder-ის მუზეუმში (არქივი)

ფრანგული ძვირფასი მინის მწარმოებლის, Lalique-ის მუზეუმიდან 5 ივლისს დაუდგენელმა პირებმა მილიონობით ევროს ღირებულების სამკაულები მოიპარეს, განაცხადეს კომპანიამ და გამოძიებასთან დაახლოებულმა წყარომ.

მან AFP-ს განუცხადა, რომ ქურდმა ან ქურდებმა საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, Wingen-sur-Moder-ის მუზეუმში დაახლოებით დილის 5:30 საათზე შეაღწიეს და პირდაპირ სამკაულების ოთახისკენ გაემართნენ.

„მოიპარეს დაახლოებით ოცი სამკაული. ზარალის შეფასება ამჟამად მიმდინარეობს, თუმცა მან, შესაძლოა, რამდენიმე მილიონი, სავარაუდოდ, ოთხი მილიონი ევრო შეადგინოს“, - თქვა წყარომ.

მუზეუმის ვებსაიტზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლის თანახმადაც, ძარცვის გამო მუზეუმი რამდენიმე დღით დაიხურება.

„განგაში ჩაირთო, მაგრამ როდესაც დაცვის კომპანიამ შემოწმება დაასრულა, პირველი, ვინც ადგილზე მივიდა, იყო დამლაგებელი, რომელმაც პოლიცია გამოიძახა“, - დასძინა გამოძიების წყარომ.

ამჟამად, სათვალთვალო ვიდეოს ჩანაწერების შესწავლა მიმდინარეობს.

მუზეუმი, რომელიც მოდერნის და არტ-დეკოს სტილის იუველირსა და მინის მწარმოებელ რენე ლალიკს ეძღვნება, 2011 წელს კომპანიის საწარმოს მახლობლად გაიხსნა.

გასული წლის ოქტომბერში, პარიზში, ლუვრის მუზეუმიდან, დღისით, ძვირფასი ისტორიული სამკაულების წაღებამ საფრანგეთის მუზეუმებისა და გალერეების უსაფრთხოება ყურადღების ცენტრში მოაქცია.

ქურდებმა ლუვრიდან 102 მილიონი დოლარის ღირებულების სამკაულები რვა წუთზე ნაკლებ დროში გაიტაცეს.

Lalique S.A., რომლის სათავო ოფისი პარიზში მდებარეობს, ფრანგული ძვირადღირებული საქონლის კომპანიაა, რომელიც აწარმოებს სამკაულებს, სუნამოებსა და მინის ნივთებს. იგი 1888 წელს ფრანგმა მინაზე მხატვარმა რენე ლალიკმა დააარსა.

კომპანია მსოფლიოში ცნობილი გახდა საიუველირო ნაკეთობებით, სუნამოს ბროლის ბოთლებითა და მინის ქანდაკებებით.


ფორუმი

XS
SM
MD
LG