Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ რუსული ბალისტიკური რაკეტები ვერ მოიგერია - ზელენსკი ისევ Patriot-ის რაკეტებს ითხოვს

რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დანგრეული სახლი კიევში. 2026 წლის 6 ივლისი
რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დანგრეული სახლი კიევში. 2026 წლის 6 ივლისი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევზე და კიევის ოლქზე რუსეთის მორიგი მასირებული შეტევის შედეგად 6 ივლისს დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და პარტნიორებს მოუწოდა, ძლიერი გადაწყვეტილებები მიიღონ ნატოს სამიტზე, რომელიც 7-8 ივლისს გაიმართება თურქეთის დედაქალაქ ანკარაში.

ზელენსკის ინფორმაციით, კიევში სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიევის ოლქში - 3. დაშავდა 60-მდე. დედაქალაქის ათ სხვადასხვა ადგილზე დანგრეული და დაზიანებულია სახლები. კიევის ოლქის ქალაქ ვიშნევეში სარაკეტო დარტყმამ გამოიწვია ხანძარი და საჭირო გახდა კერძო სახლებიდან მოქალაქეების ევაკუაცია. ზელენსკის არ დაუკონკრეტებია, ვიშნევეს რომელ ობიექტზე იყო სარაკეტო დარტყმა.

უკრაინული ტელეგრამ-არხების ცნობით, ეს ობიექტია ქარხანა „ვიზარი“, რომელიც აწარმოებს სამხედრო ტექნიკას და იარაღს. ეს ქარხანა დარტყმის ერთ-ერთ სამიზნედ დაასახელა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის ჯარებმა უკრაინას დაარტყეს 350-ზე მეტი დრონით და სხვადასხვა სახეობის 68 რაკეტით, მათ შორის 23 ბალისტიკური „ისკანდერით“. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 300-ზე მეტ დრონთან ერთად მხოლოდ 37 ფრთოსანი რაკეტა მოიგერიეს და ვერ შეძლეს ვერცერთი ბალისტიკურის მოგერიება.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 ივლისს სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ამის მიზეზია ბალისტიკის მოსაგერიებლად საჭირო რაკეტების არასაკმარისად მიწოდება.

ზელენსკის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ და ევროპამ ანკარაში, ნატოს სამიტზე მიიღონ ძლიერი გადაწყვეტილებები უკრაინის ცის დაცვის მხარდასაჭერად და შესაბამისად, მშვიდობიანი ხალხის დასაცავად.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ პარტნიორებს ისევ მიმართა, უკრაინა მოამარაგონ საჰაერო თავდაცვის სისტემების, Patriot-ის რაკეტებით, რადგან სანამ ეს რაკეტები მოკავშირეთა საწყობებში დარჩება, რუსეთს კვლავაც უბიძგებს „სახლების დამარცხებისკენ“.

6 ივლისს დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ „რუსეთის ტერიტორიაზე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევების პასუხად“ ქალაქ კიევში და კიევის ოლქში რაკეტებით და დრონებით დაარტყეს სამხედრო მრეწველობის საწარმოებსა და ენერგოობიექტებს, ხოლო დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ჩერკასის, ჩერნიგოვის და კიევის ოლქებში - სამხედრო აეროდრომების ინფრასტრუქტურას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ზუსტად ამ შინაარსის ტექსტი გამოაქვეყნა კიევზე წინა, 2 ივლისის მასირებული შეტევის შემდეგაც.

  • რუსეთი „ტერორისტულს" უწოდებს უკრაინის თავდაცვის ძალების საპასუხო დარტყმებს სამხედრო დანიშნულების საწარმოებზე, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ნავთობის ტერმინალებსა და ტრანსპორტირების მარშრუტებზე რუსეთის ტერიტორიასა და ანექსირებულ ყირიმში.
  • უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეს არის სამართლიანი პასუხი უკრაინის ქალაქებსა და რაიონებზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე და მიზანია რუსეთის სახელმწიფო სისტემა დააზიანონ, ომის გაგრძელების შესაძლებლობები შეუზღუდონ და ომის შეწყვეტა აიძულონ.




ფორუმი

XS
SM
MD
LG