Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი: ნატოს სამიტი ერთიანობის დემონსტრაცია იყო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (მარცხნივ) და ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე. ანკარა, 8 ივლისი, 2026.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (მარცხნივ) და ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე. ანკარა, 8 ივლისი, 2026.

ნატოს სამიტის შემდეგ ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეხვედრას „ძალიან წარმატებული“ უწოდა და განაცხადა, რომ მან მოკავშირეებს შორის დიდი ერთიანობა აჩვენა. ეს კომენტარები მას შემდეგ გაკეთდა, რაც თავად ტრამპმა ადრე გააკრიტიკა ნატოს წევრი ქვეყანა, ესპანეთი, და დაემუქრა მასთან სავაჭრო კავშირების გაწყვეტით. ასევე კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი კონტროლის დამყარებას გრენლანდიაზე, რომელიც ნატოს კიდევ ერთი ქვეყნის, დანიის შემადგენლობაში შემავალი ავტონომიაა.

ტრამპის თქმით, ნატოს ქვეყნები ზრდიან თავდაცვის ხარჯებს და მიზნის, მშპ-ს 5%-ის, მიღწევის გზაზე არიან. ტრამპის თქმით, ის დარწმუნდა, რომ მოკავშირეები საჭიროების შემთხვევაში დახმარებას აღმოუჩენენ აშშ-ს. მისი სიტყვებით, მან მოკავშირეებთან ისაუბრა შეიარაღების წარმოების გაზრდაზე.

Reuters-ის წყარომ, რომელიც დახურულ კარს მიღმა გამართული საუბრების შინაარს იცნობს, აღნიშნა, რომ ტრამპს არ გამოუთქვამს პარტნიორების მიმართ თავისი პრეტენზიები და დაარწმუნა ისინი, რომ შეერთებული შტატები ალიანსს არ დატოვებს. თავად ტრამპმა განაცხადა, რომ ამ შეხვედრაზე ლიდერებმა „გამოხატეს თავიანთი სიყვარული“ შეერთებული შტატების მიმართ.

სამიტის დასკვნით დეკლარაციაში ასევე საუბარია ნატოს ყველა ქვეყნის ერთიანობასა და კოლექტიური თავდაცვის პრინციპისადმი ერთგულებაზე. გარდა ამისა, ანკარის სამიტის შემდეგ ნატოს ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინისადმი გრძელვადიანი მხარდაჭერა და პირობა დადეს, რომ 2026 წელს 70 მილიარდ ევროს გამოყოფენ იარაღის მიწოდების, სამხედრო დახმარებისა და წვრთნის მიზნით. ეს ვალდებულება სამიტის საბოლოო დეკლარაციაში აისახა.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ უკრაინას წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში და რომ მოკავშირეები ინარჩუნებენ „ურყევ მხარდაჭერას“ მისი თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ნატოს ქვეყნებმა ასევე დაადასტურეს თავიანთი განზრახვა, 2027 წელს უკრაინისთვის დახმარების მინიმუმ იმავე დონეზე შენარჩუნების შესახებ. დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ კიევისთვის სამხედრო დახმარების ძირითადი ნაწილი ამჟამად ევროპელი მოკავშირეებისა და კანადის მიერ ფინანსდება.

გარდა ამისა, სამიტის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი შეხედულება რუსეთზე, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის გრძელვადიან საფრთხეზე. ნატოს ლიდერებმა გამოაცხადეს 50 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების თავდაცვის ახალი შესყიდვების შესახებ, შეთანხმდნენ იარაღის ერთობლივი წარმოების გაფართოებაზე და თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიების, მათ შორის სარაკეტო თავდაცვის სისტემების, დრონებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების დაჩქარებაზე.

ესპანეთის მიმართ ტრამპის პრეტენზიები გამომდინარეობდა ქვეყნის უარიდან, ირანის წინააღმდეგ ოპერაციაში მონაწილე ამერიკულ თვითმფრინავებს გამოეყენებინათ მის ტერიტორიაზე მდებარე ბაზები. გარდა ამისა, ესპანეთის მთავრობა ეწინააღმდეგება თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG