Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე ხოშტარია: უკვე დაწყებულია ტკივილის მართვა

ელენე ხოშტარიას 18-თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი ოპონენტის, კახა კალაძის საარჩევნო პლაკატზე წარწერის გაკეთების გამო.
ელენე ხოშტარიას 18-თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი ოპონენტის, კახა კალაძის საარჩევნო პლაკატზე წარწერის გაკეთების გამო.

რუსთავის ციხიდან „ვივამედის“ კლინიკაში გადაყვანილი პატიმარი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე საუბრობს. მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნული პოსტის მიხედვით, თავს „ბევრად უკეთ გრძნობს“.

„უკვე დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა და კლინიკაში გადმოსვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს“, - აცხადებს ხოშტარია.

მისივე თქმით, მას ინტენსიურ კვლევებს უტარებენ და საბოლოო მკურნალობის მეთოდები ამის მიხედვით გადაწყდება.

„რა წამს ექიმები დამრთავენ ნებას, რა თქმა უნდა, დავბრუნდები ჩემს "მშობლიურ" რუსთავის ციხეში. და გარეთ გამოვალ ყველა სხვა პოლიტპატიმართან ერთად“, - აცხადებს ხოშტარია.

ელენე ხოშტარია 10 თვეა პატიმრობაშია

მას 24 მარტს 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს ოპონენტის, ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის იმდროინდელი [მოქმედი] კანდიდატის, კახა კალაძის პლაკატზე წარწერის გაკეთების გამო.

ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ ბანერზე წარწერის გაკეთება კრიმინალი არ არის.

„მოიგონეს ბანერზე წარწერა კრიმინალიაო, დიახ, უნდა ვანახოთ, რომ მათ მოგონილ უკანონობებს არ ვემორჩილებით“.

პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, როცა ის დააპატიმრეს, რადგან არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული 5000-ლარიანი გირაო.

მისი მდგომარეობა

ხოშტარიას ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ დაახლოებით სამი კვირის წინ, 17 ივნისს ბრიფინგი გამართა - მან თქვა, რომ პატიმრობაში მყოფი პოლიოტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და მას მკურნალობა სჭირდებოდა.

პენიტენციურმა სამსახურმა განცხადებით უპასუხა ხოშტარიას ადვოკატს. უწყების განმარტებით, პოლიტიკოსი „შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის სამედიცინო სერვისით“.

პენიტენციური სამსახური ხოშტარიას „ვივამედის“ კლინიკაში გადაყვანას 29 ივნისს დათანხმდა. მკურნალობას ელენე ხოშტარიას ადვოკატი მაკა იოსელიანი წარმართავს. პოლიტიკოსი კლინიკაში 1 ივლისს გადაიყვანეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG