ალიანსის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელებს მან დაურიგა თურქული წარმოების რევოლვერები და შესაბამისი ტყვიები, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ იარაღი მხოლოდ დეკორატიული არ იყო.
ერდოანს, ჩანს, სურდა თურქეთის თავდაცვის მრეწველობის დემონსტრირება.
ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იარაღის შენახვისა და ტარების სხვადასხვა კანონი მოქმედებს და შესაბამისად, ყველა პრემიერსა და პრეზიდენტს თავისებური პრობლემა შეექმნა.
Reuters-ის თანახმად, ბელგიის პრემიერ-მინისტრი თურქეთიდან, ნატოს სამიტიდან სამშობლოში დაბრუნებისას ცოტა გაკვირვებული დარჩა, როცა აღმოაჩინა, რომ ბარგში პისტოლეტი და ვაზნები ჰქონდა.
ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას ოფისის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს Gümüşay 357 Magnum-ის ტიპის იშვიათი ექვსვაზნიანი პისტოლეტი, რომელიც თურქულმა იარაღის მწარმოებელმა, MKE-მ 1990-იან წლებში წარმოადგინა.
ის განთავსებული იყო ხის საგამოფენო ყუთში, რომელზეც თურქეთის დროშა და ნატოს ლოგო იყო გამოსახული, ასევე - წარწერა თურქულ და ინგლისურ ენებზე: „გიუმიუშაი, პირველი რევოლვერის ტიპის მსუბუქი იარაღი, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია წარმოებული.“
ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ყველა ლიდერს გადაეცა ერთი და იგივე მოდელი, რომელზეც მათი სახელები იყო ამოტვიფრული.
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვევერმა თავისი რევოლვერი ბრიუსელის აეროპორტის პოლიციას გადასცა, რათა სეიფში შეენახათ.
პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის თანაშემწემ რადიო RMF FM-ს განუცხადა, რომ მისი რევოლვერი ვარშავის აეროპორტში განბაჟებას ელოდა და შესაბამის ადგილას შეინახებოდა, „რათა ის, პირველ რიგში, უსაფრთხოდ ყოფილიყო და მეორეც, საჩუქარს პატივისცემით ეპყრობოდნენ“.
„რა თქმა უნდა, მას არავინ გაისვრის“, - დასძინა მან.
ნიდერლანდის და შვედეთის პრემიერ-მინისტრების ოფისებში განაცხადეს, რომ მათი რევოლვერები ანკარაში, ამ ქვეყნების საელჩოებში გადაიტანეს. ჰოლანდიას იარაღი უნდა გაეუვნებელეყო, შვედეთისთვის გადაცემული საჩუქარი კი იმპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციას ელოდა.
“დაუნინგ სტრიტის” წყაროს ცნობით, კირ სტარმერისთვის გადაცემულ იარაღს საწმენდი ნაკრები და 500 ტყვია მოჰყვებოდა.
იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის რევოლვერი უკვე ინახებოდა მთავრობის შტაბ-ბინაში, სასახლე “პალაცო კიჯიში”, სხვა სახელმწიფო საჩუქრებთან ერთად.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი აპირებდა თავისი რევოლვერი სამხედრო მუზეუმისთვის გადაეცა, ხოლო საბერძნეთის ლიდერი მისი ათენის ომის მუზეუმისთვის გადაცემას გეგმავდა.
თურქეთის თანამედროვე მსუბუქი იარაღის ინდუსტრია ძირითადად ნახევრადავტომატურ იარაღებზეა ორიენტირებული, რაც Gümüşay -ს საკოლექციო იშვიათობად აქცევს.
თურქი იარაღის მწარმოებლები ევროპის სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ბაზარზე იაფი პისტოლეტებითა და თოფებით შეიჭრნენ, რითაც კონკურენცია გაუწიეს ძველ იტალიურ და ბელგიურ ფირმებს, რომელთა სახელები დიდი ხანია უკავშირდება უფრო ძვირიან სპორტულ და საბრძოლო იარაღს.
ჟენევაში დაფუძნებული Small Arms Survey-ის კვლევის თანახმად, 2019-დან 2024 წლამდე თურქეთი მსოფლიოში მცირე ზომის იარაღის მესამე უდიდესი ექსპორტიორი იყო შეერთებული შტატებისა და იტალიის შემდეგ.
ფორუმი