„ბნელი ფურცელი სირიის ისტორიაში გადაშლილია“, - დაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასად ალ-შაიბანიმ X-ზე.
შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ სირიას ამოიღებს იმ ქვეყნების შავი სიიდან, რომლებსაც ტერორიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. მან სირია ასეთად შერაცხა თითქმის ხუთი ათწლეულის წინ, რამაც ქვეყანაში ინვესტიციები შეამცირა.
სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ნაბიჯი შეაფასა, როგორც „მნიშვნელოვანი განვითარება სირიისა და ამერიკის ურთიერთობებში, რომლებიც დიალოგზე, ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესებზეა დაფუძნებული.
„აშშ-ის გადაწყვეტილება გზას უხსნის ინვესტიციების გაზრდას, ეკონომიკური აღდგენის დაჩქარებას და სირიის რეინტეგრაციას მსოფლიო ეკონომიკაში “, - განაცხადა სირიის ფინანსთა მინისტრმა, მოჰამედ ბარნიემ.
სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ოთხშაბათს კონგრესს აცნობა ამ ნაბიჯის შესახებ, რომელსაც დიდი ხანია ელოდნენ და რომელიც ძალაში შევა 45 დღეში, თუ კანონმდებლები მას არ დაბლოკავენ, რაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოხდეს.
სირიის ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოღება მოხდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასთან შეხვედრა გამართა.
სიიდან ამოღება „ეკონომიკური თვალსაზრისით გადამწყვეტი ცვლილებაა“, განუცხადა AFP-ს ზიად არბაშმა, მრჩეველმა აკადემიურ და ეკონომიკურ საკითხებში.
„ეს... სირიის გლობალურ ფინანსურ და კომერციულ სისტემაში ინტეგრაციის უდიდეს სამართლებრივ ბარიერს ხსნის.“
აშშ-ის პრეზიდენტმა სირიის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ერთი წლის წინ დაიწყო.
თუმცა, არბაშმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი არასაკმარისია.
„ევროპიდან სირიაში მცირე თანხის გადარიცხვასაც კი დაახლოებით სამი კვირა სჭირდება, რთული პროცედურებით“, რადგან საერთაშორისო ბანკების უმეტესობა ქვეყანას მაღალი რისკის მქონედ მიიჩნევს.
შეერთებულმა შტატებმა სირია 1979 წლიდან „ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“ შეაფასა.
„ეს არის „პოზიტიური გზავნილი სირიელი ხალხისთვის და საერთაშორისო ეკონომიკური საზოგადოებისთვის“, განაცხადა ცენტრალური ბანკის უფროსმა, მოჰამად საფვატ რასლანმა.
სირიის ამჟამინდელი პრეზიდენტი, რომელიც ამ ქვეყნის ხანგრძლივი მმართველის, ბაშარ ასადის დამხობის შემდეგ მოვიდა სათავეში, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 2013 წლის მაისში შეიყვანა „განსაკუთრებულად საშიში ტერორისტების“ სიაში, ხოლო ოთხი წლის შემდეგ დააწესა ჯილდო 10 მილიონი დოლარის ოდენობით ინფორმაციისთვის, რომელიც მის დაჭერას შეუწყობდა ხელს, ეს გადაწყვეტილება გაუქმდა 2024 წლის დეკემბერში.
ფორუმი