ჩინეთის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ რუსეთი არ გამოიყენებს ატომურ იარაღს უკრაინასთან ომში, მაშინაც კი, თუკი ფრონტზე მოვლენები მისთვის არასახარბიელოდ განვითარდება. ეს განცხადება ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა ტელეკომპანია CNBC-სთან ინტერვიუში გააკეთა, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვან ისთან შეხვედრის შემდეგ.
კითხვას, რომ არ გამოიყენებს "კუთხეში მომწყვდეული" რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ბირთვულ იარაღს, სტუბმა უპასუხა, რომ ჩინეთის მინისტრს ორი დღის წინ, ფინეთში შეხვდა და "ბირთვული საკითხი" განიხილა. სტუბის თქმით, ჩინეთის წარმომადგენლებმა დარწმუნებით განაცხადეს, რომ რუსეთი ატომურ იარაღს არ გამოიყენებს.
ამასთან, სტუბმა აღნიშნა, რომ ისევ არსებობს უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე, და ამისათვის მზადყოფნაა საჭირო. ფინეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინას კვლავაც ესაჭიროება დასავლეთის ქვეყნების დახმარება, კერძოდ საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების მხრივ.
9 ივლისს, ანკარაში ნატოს სამიტის დროს, ჟურნალსიტებთან საუბარში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მას ევროპელმა ლიდერებმა შეატყობინეს ჩინეთის მკვეთრი რეაქცია რუსეთის მედიაში ბოლო პერიოდში გაჩენილ ცნობებზე ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ. "მათ პირველად ჰქონდათ ძალიან მკაფიო და მკაცრი რეაქცია - როგორც ლიდერებმა მითხრეს, ულტიმატუმის ფორმით - ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ ლაპარაკიც კი არ უნდა იყოს" - თქვა ზელენსკიმ ჩინეთის რეაქციაზე. თავად პეკინს ოფიციალური კომენტარი არ გაუვრცელებია ზელენსკის და სტუბის განცხადებებზე.
მანამდე მედია წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ 2022 წლის შემოდგომაზე ჩინეთი შეშფოთებული იყო რუსეთის მიერ ატომური იარაღის გამოყენების შესაძლებლობით, ფრონტზე განცდილი ჩავარდნების ფონზე - და მოსკოვს ამისი კატეგორიული მიუღებლობა შეატყობინა. ოფიციალურად არც მაშინ გავრცელებულა რაიმე განცხადება.
უკრაინის ომის მსვლელობისას რუსეთის ხელისუფლებამ შეცვალა ატომური დოქტრინა და შეამცირა ბირთვული იარაღის გამოყენების ზღვარი. ამავე დროს, კრემლი ისევ აცხადებს, რომ ამ იარაღის გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ "სახელმწიფოს არსებობისთვის საფრთხის არსებობის" პირობებში. თუმცა კრემლის მომხრე კომენტატორები და ასევე ხელისუფლების რიგი მაღალჩინოსნები - ყველაზე აქტიურად ექსპრეზიდენტი დმიტრი მედვედევი - ხშირად ლაპარაკობენ ატომური იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ დასავლეთის სახელმწიფოების წინააღმდეგაც. მედვედევის სიტყვებზე შარშან მკვეთრი რეაქცია ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს - მან თქვა, რომ რეაქციის სახით აშშ-მა ატომური იარაღით აღჭურვილი ორი წყალქვეშა ხომალდი განათავსა რუსეთის ნაპირებთან უფრო ახლოს.
ფორუმი