არსებული ცნობებით, ნაშუაღამევს ქალაქში, გადაუღებელი წვიმის შედეგად, თელავის ხევი ადიდდა და ქუჩებზე გადმოვიდა.
მოვარდნილმა ღვარცოფმა - რომელსაც ქვა-ღორღი მოჰყვა, - მთლიანად დაანგრია ორი ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი.
სერიოზულად დაზიანდა ორი ქუჩა - კავკასიონისა და ალაზნის გამზირები.
გამოცხადდა ევაკუაცია. მსხვერპლი არ არის, თუმცა ზარალი დიდია.
დაიტბორა საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები და მაღაზიები. განადგურებულია მათი ქონება.
გარდა ამისა, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და ავტომობილები.
ათასობით აბონენტს ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია შეუწყდა.
ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახური მუშაობენ. დილიდან უკვე დაწყებულია სალიკვიდაციო სამუშაოები.
ამჟამად სტიქია ჩაცხრა. მუშაობს მძიმე ტექნიკა.
„სტიქია მართლაც უპრეცედენტო მასშტაბისაა“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ზიანი საკმაოდ მასშტაბურია“, - განაცხადა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პლატონ კალმახელიძემ.
მისი თქმით, „ძირითადად, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, რომლის პირველადი გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო“.
მან ასევე განაცხადა, რომ შეიკრიბა საკოორდინაციო საბჭო და „ყველა სამინისტრო და უწყებაა მობილიზებული“, რათა თელავში „მალე აღმოიფხვრას სტიქიით გამოწვეული ზიანი“.
ფორუმი