Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაკადმა ღვარცოფდამჭერ ნაგებობებს გვერდი აუარა - გარემოს სააგენტო თელავში სტიქიაზე

კვირას, ნაშუაღამევს თელავს სტიქიის შედეგად დიდი ზიანი მიადგა
კვირას, ნაშუაღამევს თელავს სტიქიის შედეგად დიდი ზიანი მიადგა

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თელავში ღვარცოფის შესახებ პირველადი შეფასება გამოაქვეყნა და აცხადებს, რომ სტიქიის ზონის დეტალურ შესწავლას აგრძელებს.

„პირველადი შეფასებით, თელავის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია“, - ვკითხულობთ შეფასებაში.

„მყარი ნატანისა და წყლის კრიტიკული მასის ერთობლიობამ მძლავრი ღვარცოფული ნაკადი ჩამოაყალიბა“, - წერს სააგენტო.

„ნაკადმა ღვარცოფდამჭერებს გვერდი აუარა“

ამავე წყაროს თანახმად, მდინარის შუა წელში განთავსებულმა სამმა ღვარცოფდამჭერმა (ე.წ. ხერხეულიძის ღვარცოფდამჭერმა) ნაგებობამ „ნაწილობრივ უზრუნველყო ნაკადის ფილტრაცია“:

  • „პირველმა თითქმის სრულად შეაკავა მსხვილი ხე-ტყის მასალა“;
  • „მეორემ – მცირე რაოდენობის ხე-ტყის ნატანი“;
  • „ხოლო მესამემ – ქვა-ღორღოვანი ფრაქცია“.

„მიუხედავად ამისა“, - წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს შეფასებაში, - „ნაკადის დიდმა მოცულობამ და ენერგიამ სამივე ნაგებობას მარცხენა მხრიდან გვერდი აუარა, დროებით კალაპოტად გამოიყენა ძველი გრუნტის გზა, დააზიანა ნაპირდამცავი ნაგებობები და გზის ცალკეულ მონაკვეთებზე გამოიწვია საფარის დეფორმაცია“.

„ქალაქის ტერიტორიაზე, მდინარის კალაპოტმა ვერ უზრუნველყო ღვარცოფული ნაკადის სრული გატარება და გადავიდა მიმდებარე ტერიტორიაზე. ღვარცოფული მასის ძირითადი აკუმულირება თელავის ქვედა ნაწილში, ცალკეული ინფრასტრუქტურული ობიექტების მიმდებარედ დაფიქსირდა“, - აცხადებს სააგენტო.

სტიქია თელავში

კვირას, 2026 წლის 12 ივლისს, გამთენიისას თელავში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე თელავის ხევმა კალაპოტი გაარღვია და ღვარცოფულმა ნაკადმა ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა. სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მეტეოროლოგიური სადგურების მიხედვით, ნალექების რაოდენობამ თელავის სადგურზე 57.3 მმ შეადგინა, რაც თელავისთვის თვის ნორმის 85%-ს შეადგენს, ხოლო იყალთოს სადგურზე - 40.1 მმ.

  • მოვარდნილმა ღვარცოფმა - რომელსაც ქვა-ღორღი მოჰყვა, - მთლიანად დაანგრია ორი ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი.
  • სერიოზულად დაზიანდა ორი ქუჩა - კავკასიონისა და ალაზნის გამზირები.
  • გამოცხადდა ევაკუაცია. მსხვერპლი არ არის, თუმცა ზარალი დიდია.
  • დაიტბორა საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები, კლინიკა და მაღაზიები. განადგურებულია მათი ქონება.
  • დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და ავტომობილები.
  • ათასობით აბონენტს ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია შეუწყდა.
  • „სტიქია მართლაც უპრეცედენტო მასშტაბისაა“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG