Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალასი: არ გვინდა მხარი დავუჭიროთ მთავრობას, გვსურს საქართველოს ხალხის მხარდაჭერა. კობახიძე: ამ სამარცხვინო თამაშებს არავითარი ფასი არ აქვს

კაია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში. საგარეო საქმეთა მინისტერიალი, 13 ივლისი, 2026 წელი
კაია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში. საგარეო საქმეთა მინისტერიალი, 13 ივლისი, 2026 წელი

„შავი ზღვის სტრატეგია გვაქვს გასული წლიდან. ახლა ლაპარაკია მის შესრულებაზე. შავი ზღვის გარშემო არსებული ქვეყნები, რა თქმა უნდა, არიან ამის მნიშვნელოვანი ნაწილი.

ახლა ჩვენ გვაქვს პრობლემები საქართველოსთან - არ გვაქვს კავშირები მთავრობასთან, არ გვინდა მხარი დავუჭიროთ მთავრობას, გვსურს მხარი დავუჭიროთ საქართველოს ხალხს. ვმსჯელობთ აგრეთვე იმაზე, როგორ გავაკეთოთ საუკეთესოდ ისე, რომ ხალხმა არ დაკარგონ ევროკავშირის მიმართ რწმენა“, - ასე უპასუხა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა დამოუკიდებელი გამოცემა „ევროსკოპის“ შეკითხვას, 13 ივლისს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრების დაწყებამდე.

გამოხმაურება თბილისში

კალასის განცხადებას ორშაბათსვე, თბილისში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე, „ევროპული ბიუროკრატია“ მორიგჯერ დაადანაშაულა საქართველოში „რევოლუციის მცდელობის“ დაფინანსებაში:

„აი, ეს არის რეალური მიზეზები, რატომაც პოლიტიკური დიალოგი არის შეჩერებული და თან საინტერესო ის არის, რომ მიზეზი მათ შექმნეს და პოლიტიკური დიალოგიც მათ შეაჩერეს 2024 წლის ივნისში. ამას ხედავს საზოგადოება და სწორედ ამის გამოა, რომ ქართული საზოგადოებისთვის ევროპული ბიუროკრატიის ამ სამარცხვინო თამაშებს არავითარი ფასი არ აქვს“.

კობახიძის სიტყვებით, „ევროკავშირის ბიუროკრატია არის აბსურდში შესული“ და მოქმედებს „გარე ძალების ინტერესების შესაბამისად“:

"ყველამ კარგად იცის საქართველოს როლი დაკავშირებადობის კუთხით. საქართველო აკავშირებს ზღვასთან კავშირის არმქონე შვიდ ქვეყანას შავ ზღვასთან და შესაბამისად, დასავლეთის სივრცესთან. აქედან გამომდინარე, საქართველოს როლი ამ კუთხით არის ბუნებრივია საკვანძო. თუმცა იცით, როგორი აბსურდული გადაწყვეტილებები მიიღეს მათ თავის დროზე. მაგალითად, გაიმართა მინისტერიალი, სადაც იყო მიწვეული შვიდი ქვეყანა მინისტრის დონეზე და საქართველო არ მიიწვიეს მინისტრის დონეზე მაშინ, როდესაც სწორედ საქართველოა ის ქვეყანა, რომელიც ყველა დანარჩენ შვიდივე დანარჩენს აკავშირებს შავ ზღვასთან. აი ასეთ აბსურდში როდესაც შედიხარ, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ დამოუკიდებლად ვერ იღებ გადაწყვეტილებებს“.

„ვერ გავჩუმდებით, როდესაც ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი უგულებელყოფილია“, - კაია კალასის კომენტარზე გავრცელებულ განცხადებაში ჩაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა:

"სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი ღიად აცხადებს, რომ არ აპირებს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას, რომელიც ქართველი ხალხის დემოკრატიული ნების საფუძველზეა არჩეული, მაშინ როდესაც ამავე ხალხის მხარდაჭერაზე საუბრობს. ნამდვილი პარტნიორობის საფუძველი დიალოგია და არა ურთიერთობისგან დისტანცირება. საქართველო კვლავაც ერთგულია ევროკავშირთან პატივისცემასა და ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული თანამშრომლობის ჩვენი მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ჩვენი საერთო ევროპული მომავლისათვის. თუმცა, ვერ გავჩუმდებით, როდესაც ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი უგულებელყოფილია. დემოკრატია ნიშნავს ამომრჩეველთა გადაწყვეტილების პატივისცემას — არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ის პოლიტიკურად ხელსაყრელია".

13 ივლისის მინისტერიალის დაწყებამდე საქართველოს შესახებ „ევროსკოპის“ შეკითხვებს უპასუხეს რუმინეთისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც. ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქსავიერ ბეტელმა, რომელმაც გასულ თვეში უმასპინძლა მაკა ბოჭორიშვილს, განაცხადა:

"მე სულ ვამბობ, რომ მათ ზუსტად იციან, რა უნდა გააკეთონ. ეს მათი გადაწყვეტილებაა. მაგრამ, თუ არ დაველაპარაკებით, ცვლილება შეუძლებელია. ჩვენ მათ ჭკუა არ უნდა დავარიგოთ. მათ იციან წესები და იციან, რომელი მიმართულებით უნდა იყოს წესები, რა მიმართულებით უნდა მიდიოდეს კანონები.

ჩვენ მათ თავს არ უნდა მოვახვიოთ, არამედ შევთავაზოთ და ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ. თუმცა მათ გაიმარჯვეს არჩევნებში, ჩვენ ეს მოგვწონს თუ არა. ეს ფაქტია. თუმცა, თუკი ქართველებს არ დაველაპარაკებით, ვერასდროს შევძლებთ გამოსავლის პოვნას“.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოანა ცოიუმ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეების ევროპული არჩევანისადმი:

„რაც შეეხება საკვანძო ინფრასტრუქტურას, პორტებსა და შავ ზღვაზე წვდომას, რუმინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვაგრძოთ რეგიონში პარტნიორებთან არსებული ურთიერთობები. ჩვენ აგრეთვე მხარს ვუჭერთ ევროპულ გზას საქართველოს მოქალაქეებისთვის და ჩვენი გზავნილები არის მკაფიო - ქვეყანა, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება, უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია და ამ მიმართულებით საჭიროა ნაბიჯების გადადგმა“.

შავი ზღვის საკითხი ევროკავშირის მინისტერიალზე - რას გულისხმობს სტრატეგია?

13 ივლისს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო იმართება, რომელზეც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხების შემდეგ, არის ევროკავშირის შავი ზღვის სტრატეგიის განხორციელების შეფასება.

„შავი ზღვის მიმართ ევროკავშირის სტრატეგიული მიდგომა“ 2025 წლის მაისში შემუშავდა და მასში ხაზგასმულია შავი ზღვის არეალის „გეოსტრატეგიული მნიშვნელობა ევროპისა და აზიის დაკავშირებაში, ეკონომიკური განვითარების გამოუყენებელი პოტენციალით, სტრატეგიული სატრანზიტო მარშრუტებით - განსაკუთრებით, ენერგორესურსებთან და და კრიტიკულ ნედლეულთან წვდომის კუთხით“, წერია ევროკავშირის სტრატეგიულ დოკუმენტში, რომლის თანახმადაც, შავი ზღვის სივრცის კრიტიკული მნიშვნელობა გამოკვეთა „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულმა ომმა, რომელმაც შეარყია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და გამოავლინა ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების სისუსტეები“ და „ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში, მის ცენტრში შავი ზღვის რეგიონით, ევროკავშირი ავითარებს ყოვლისმომცველ მიდგომას იმ რეგიონის დემოკრატიული მედეგობის მხარდაჭერის მიზნით, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ევროპის სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის“.

ევროკავშირის შავი ზღვის სტრატეგიაში გაცხადებულია, რომ „ევროკავშირი მოწოდებულია, მხარი დაუჭიროს უკრაინასა და მის მეზობლებს, მათი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით, მშვიდობისა და დიალოგის ხელშეწყობით, უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზებითა და აღდგენაში წვლილის შეტანით. საჭიროა, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება თანაბრად იყოს სამართლიანი, ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მშვიდობის ცენტრალურ საკითხთა შორის“.

ევროკავშირის სტრატეგიაში თავმოყრილია ყველა შიდა და საგარეო ინსტრუმენტი და ერთ-ერთ ამოცანად სახავს მათ გამოყენებას „უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ხელშესაწყობად უკრაინასთან, მოლდოვის რესპუბლიკასთან, საქართველოსთან, თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან და შესაბამის პარტნიორებთან და ორგანიზაციებთან“.

საქართველოს შესახებ ერთი წლის წინანდელ კომუნიკეში აგრეთვე ჩაიწერა:

„ევროკავშირის როლი და პასუხისმგებლობა შავი ზღვის რეგიონში იზრდება, კერძოდ უკრაინასთან და მოლდოვასთან და თუ ევროკავშირის გზას დაუბრუნდება, საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ. ევროკავშირის გაფართოება სტრატეგიული ინვესტიციაა რეგიონის უსაფრთხოებისა და მედეგობის გაძლიერებაში. ევროკავშირის მიზანია მხარი დაუჭიროს ევროკავშირში ინტეგრაციით დაინტერესებულ პარტნიორებს კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და კლიმატური მედეგობის გაძლიერებით. კანდიდატი ქვეყნების საბოლოო ინტეგრაცია და მათი ევროკავშირის ინიციატივებში ჩართვა ხელშესახებ სარგებელს მოუტანს მოქალაქეებს და გაწევრიანებამდე მოაგვარებს მათ გამოწვევებს. ევროკავშირი მჭიდროდ ითანამშრომლებს პარტნიორებთან „საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან“ მათი შესაბამისობისთვის, სანქციებისა და თავდაცვის პოლიტიკის ჩათვლით. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა რუსეთის და ბელარუსის წინააღმდეგ ევროკავშირის შემზღუდავი ზომების განხორციელებას, სახელდობრ - სანქციებისთვის გვერდის ავლასთან ბრძოლას“.

რა წერია შავი ზღვის სტრატეგიის განხორციელების შესახებ ანგარიშში?

ერთი კვირის წინ, 3 ივლისს გამოქვეყნდა ანგარიში ევროკავშირის შავი ზღვის სტრატეგიის შესრულების შესახებ. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობას მნიშვნელოვანი დაღი დაასვა ქვეყნის დემოკრატიულმა უკუსვლამ:

ევროკავშირი ადასტურებს, რომ ის „ერთგულია მიდგომისა, რომ აღნიშნული ხედვა განავითაროს სომხეთთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, მოლდოვის რესპუბლიკასთან, თურქეთთან და უკრაინასთან ერთად ორმხრივად ხელშეწყობილი თანამშრომლობის გზით“.

„საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა მას ბუნებრივად ხდის ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ სატრანზიტო დერეფნის ნაწილად. ევროკავშირის საქართველოსთან თანამშრომლობაზე კვლავაც ძლიერ ზეგავლენას ახდენს ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა, რისი შედეგიც არის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების დე ფაქტო შეჩერება და 2026 წლის მარტში ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტებისთვის. საქართველოს როლი ამ სტრატეგიაში დიდწილად დამოკიდებული იქნება ხელისუფლების ნებაზე - გადადგან ხელშესახები ნაბიჯები ვითარების გამოსწორებისკენ“.

„ელექტროენერგიის ურთიერთდაკავშირებადობის რამდენიმე პროექტი ევროკავშირსა და უკრაინას, ევროკავშირსა და საქართველოს შორის შეტანილი იყო „საერთო და ორმხრივი ინტერესის პროექტებში, “ტრანსევროპული ენერგოქსელების“ (TEN-E) რეგულაციის ფარგლებში. ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ენერგო დაკავშირებადობის (CESEC) უმაღლესი დონის ჯგუფის ფარგლებში კომისია განაგრძობს რეგიონის ენერგოინტეგრაციის ხელშეწყობას, უკრაინაში, მოლდოვაში, რუმინეთსა და ბულგარეთში პრიორიტეტულ პროექტებზე ზედამხედველობის შენარჩუნებით“.

ევროკავშირის მონაწილეობით შექმნილი შავი ზღვის აუზის რეგიონთაშორისი NEXT-ის პროგრამით ბულგარეთი, თურქეთი და საქართველო თანამშრომლობენ ლოჯისტიკის სექტორის წარმადობის გასაზრდელად. 2027 წლის ბოლომდე ახლახან დაწყებული BSB-LOGINET-ის პროექტი მიზნად ისახავს ლოჯისტიკური ინფორმაციის ტრანსსასაზღვრო ურთიერთგაცვლის პორტალის ამუშავებას.

„Horizon Europe-ის ფარგლებში „კვლევისა და ინოვაციის ევროპულ ჩარჩო პროგრამას“ გადაეცა 205 მილიონი ევრო შავი ზღვის რეგიონში 481 გრანტის დასაფინანსებლად. შავი ზღვის ქვეყნების მონაწილეობა აჩვენებს ევროპის კვლევასა და ინოვაციაში მათი მონაწილეობის მნიშვნელობას. „დამფინანსებელთა ოპერატიული ქსელი“ თავს უყრის რეგიონულ თანამშრომლობას ამ არეალში და უზრუნველყოფს შავი ზღვისთვის „სტრატეგიული კვლევისა და ინოვაციის დღის წესრიგის“ (SRIA) ეფექტიან განხორციელებას. ბოლო მნიშვნელოვან წამოწყებათა შორისაა 2025 წლის დეკემბერში გამოცხადებული სპეციალური კონკურსი ევროკავშირის „აღადგინე ჩვენი ოკეანე და წყლები 2023 წლამდე“ პროგრამით, 2025-2026 წლებისთვის“.

ჩამოთვლილია კიდევ რამდენიმე ადგილობრივი დონის საგანმანათლებლო პროექტი გარემოს დაცვის სფეროში.

13 ივლისს, მინისტერიალის მიმდინარეობის პარალელურად, ევროკავშირმა "მშვიდობის ევროპული მექანიზმის" ფარგლებში დაამტკიცა 120 მილიონი ევროს დახმარება მოლდოვის შეიარაღებული ძალების ანტისაჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებით უზრუნველყოფისთვის, შემდგომი მხარდაჭერის დაპირებით. ამავე დღეს სომხეთში გაიხსნა ევროკავშირის საპარტნიორო მისია (EUPM), რომელიც ქვეყანას დაეხმარება ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავებაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG