ამ ცნობას 13 ივლისს ავრცელებს გამოცემა Financial Times-ი. მოგვიანებით, ევროკავშირის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით იგივე ინფორმაცია გაავრცელა სააგენტო Reuters-მაც.
მედია აღნიშნავს, რომ სარეკორდო შესყიდვები ხორციელდება მანამ, სანამ უნდა ამოქმედდეს აკრძალვა რუსეთის გათხევადებული გაზის იმპორტზე. აპრილიდან ეს უკვე შეუძლებელია მოკლევადიანი კონტრაქტებით, თუმცა გრძელვადიანი კონტრაქტების საფუძველზე მიწოდების გაგრძელება შეიძლება 2027 წლის 1 იანვრამდე.
გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ევროკავშირმა "იამალისგან" განახორციელა არანაკლებ 9,97 მილიონი მეტრული ტონა თხიერი გაზის იმპორტი, რაც 16 პროცენტით აჭარბებს წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს. კომპანია Urgewald-ის თანახმად, "იამალისგან" იანვარი-ივნისის პერიოდში შესყიდული თხიერი გაზის საფასური თითქმის 6 მილიარდ ევროს გაუტოლდა, მიწოდების მთავარი მიმღებები ტრადიციულად იყო საფრანგეთის, ბელგიისა და ესპანეთის პორტები.
2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრული მასშტაბით შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა მნიშვნელოვნად შეამცირა რუსული გაზის შესყიდვა - მიწოდება შემცირდა მილსადენების უმეტეს მარშრუტებზე. თუმცა მონაცემები აჩვენებს, რომ გათხევადებული გაზის მიწოდებაზე სრული აკრძალვის ამოქმედებამდე რუსეთისგან შესყიდვები აქტიურად მიმდინარეობს.
ფორუმი