ინფორმაცია თავდაპირველად თავად „ფორმულამ“ გაავრცელა.
დავას მოსამართლე ლიანა კაჟაშვილი განიხილავდა - მან სრულად დააკმაყოფილა სარჩელი.
მისი გადაწყვეტილებით, „ფორმულას“ „მორალური ზიანის მიყენების გამო“ დაეკისრა 10 000-ლარიანი ჯარიმა და დაევალა მოსარჩელისათვის „სახელის, პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების“ საკუთარი ტელეეთერით უარყოფა.
„მედიაჩეკერი“ წერს, რომ საქმის არსებითი განხილვისას, 1 ივლისს, გოგა ხაინდრავამ თქვა, რომ ის ამ ფულს იმ არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნისთვის გამოიყენებს, რომელიც „მედია ტერორისგან დაიცავს მოქალაქეებს“.
„გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია“ - ადვოკატი
„ფორმულის“ იურისტი ეთო ქათამაძე აცხადებს, რომ „ამ სასამართლოს პირობებში ეს არ ყოფილა გასაკვირი, - გამომდინარე შექმნილი მდგომარეობიდან“.
„თუმცა მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში თავისუფალი ჟურნალისტიკა, კეთილსინდისიერი ჟურნალისტიკა ასე არ უნდა ისჯებოდეს“, - თქვა მან.
„სრულად ამოვწურავთ ქვეყნის შიგნით არსებულ სასამართლო პროცესებს და, დიდი ალბათობით, გავაგრძელებთ სტრასბურგში დავასაც. მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი“, - განაცხადა ადვოკატმა.
რაზე დავობდა ხაინდრავა
გოგა ხაინდრავა ტელეკომპანიის გადაცემა „შაბათის ფორმულაში“ 2025 წლის 20 დეკემბერსა და 2026 წლის 17 იანვარს გასულ სიუჟეტებზე დავობდა.
გოგა ხაინდრავამ 21 იანვარს განაცხადა, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ მასთან დაკავშირებით მომზადებული სიუჟეტის გამო უჩივლებდა.
მისი უკმაყოფილება გამოიწვია 17 იანვარს „შაბათის ფორმულის“ ეთერში გასულმა სიუჟეტმა, რომელშიც „ფორმულამ“ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ „2016-2017 წლებში გოგა ხაინდრავას სუს-თან შეთანხმებით ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეები საქართველოში გარკვეული თანხის სანაცვლოდ შემოჰყავდა“.
მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ სიუჟეტში „არაერთი არსებითად მცდარი და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია“ გაჟღერდა.
დაწყებულია გამოძიებაც
ამავე სიუჟეტის გამო, ხაინდრავას ადვოკატების განცხადების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის წესით, „ცრუ დასმენის“ მუხლით აღძრა საქმე ტელეკომპანია „ფორმულის“ წინააღმდეგ.
17 ივნისს გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, წინა დღეს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, - რაც ცრუ დასმენას გულისხმობს.
„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო კინორეჟისორ გიორგი (გოგა) ხაინდრავას ინტერესების დამცველი ადვოკატების განცხადება ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გიორგი (გოგა) ხაინდრავას მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით“, - განაცხადა პროკურატურამ.
„ფორმულის“ დირექტორი და თანამესაკუთრე მიშა მშვილდაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში იცავდა 2025 წლის იანვარში ტელეკომპანიის გადაცემა „შაბათის ფორმულაში“ გასულ სიუჟეტს და ამბობდა, რომ „არაფერი ტყუილი იმ სიუჟეტში არ ყოფილა“.
გავლენა გამოძიებაზე
კითხვაზე, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ გადაწყვეტილებამ მიმდინარე გამოძიებაზე, - რის ფარგლებშიც ტელევიზიის არაერთი თანამშრომელი გამოჰკითხეს, - ადვოკატი ეთო ქათამაძე აცხადებს:
„ეს არის ერთგვარი ბიძგი, რომ ძიება პროკურატურამ გააგრძელოს, თუმცა რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს, ჯერჯერობით გაუგებარია ჩვენთვის. რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს ამ ქვეყანაში თავისუფალი ჟურნალისტების დევნას და, საერთოდ, საგამოძიებო ჟურნალისტიკის აკრძალვას“.
- 2026 წელს საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში ერთ წელიწადში 114-დან 135-მდე ჩამოქვეითდა.
- ახალი რეიტინგით, ქვეყანა ჩამორჩება ისეთ სახელმწიფოებს, როგორებიცაა ზიმბაბვე, სომალი, უგანდა, მალი, ნიგერია, ჩადი და პაპუა-ახალი გვინეა.
- 135-ე ადგილი ამ რეიტინგში მიუთითებს, რომ საქართველოში პრესის თავისუფლების მდგომარეობა „რთულად“ არის შეფასებული.
ფორუმი