Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გააძლიერა სანქციები ირანის ხელისუფლების ხელშემწყობი "შამხანის ქსელის" წინააღმდეგ

"სახაზინო დეპარტამენტი კეტავს ფინანსურ ინფრასტრუქტურას, რომელიც რეჟიმს შესაძლებლობას აძლევს განაგრძოს აშშ-ისა და გლობალური საზღვაო გადაზიდვებისთვის საფრთხის შექმნა“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა.
"სახაზინო დეპარტამენტი კეტავს ფინანსურ ინფრასტრუქტურას, რომელიც რეჟიმს შესაძლებლობას აძლევს განაგრძოს აშშ-ისა და გლობალური საზღვაო გადაზიდვებისთვის საფრთხის შექმნა“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა.

შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, უცხოური აქტივების კონტროლის უწყება აძლიერებს (OFAC) ძალისხმევას მოჰამად ჰოსეინ შამხანის უკანონო საზღვაო გადაზიდვებისა და სანქციებისთვის გვერდის ავლის ქსელის - „შამხანის“ გასანადგურებლად.

გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ „შამხანის“ ქსელი რჩება ირანის ნავთობის ექსპორტის უკან მდგომ მთავარ ძალად და ის გადაიქცა გლობალურ საკონტეინერო გადამზიდველად და ნედლეულით მოვაჭრედ.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა:

„ირანის რეჟიმს თავი გააქვს ტყუილითა და „შამხანის“ ქსელით - მისი ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ინსტრუმენტით. სახაზინო დეპარტამენტი კეტავს ფინანსურ ინფრასტრუქტურას, რომელიც რეჟიმს შესაძლებლობას აძლევს განაგრძოს აშშ-ისა და გლობალური საზღვაო გადაზიდვებისთვის საფრთხის შექმნა“.

სახაზინო დეპარტამენტი აზუსტებს, რომ „14 ივლისის გადაწყვეტილება მოიცავს 50 პირს, ორგანიზაციასა და გემს, რომელიც შამხანისა და ირანის რეჟიმს შესაძლებლობას აძლევს განაგრძონ სარგებლის მიღება მაშინ, როცა ირანის ხალხი კვლავაც რჩება მათივე მთავრობის ეკონომიკური უღლის ქვეშ“.

14 ივლისის გადაწყვეტილება არის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის შამხანის ქსელის წინააღმდეგ 2026 წლის აპრილსა და 2025 წლის ივლისში დაწესებული სანქციების გაგრძელება. დღეისთვის სანქცირებული პირების, ორგანიზაციებისა და გემების რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა.

ახალსანქცირებულ პირთა შორის არიან:

ირანის მოქალაქეები ჰოსეინ ღორბანი ზაჰედი და მოჰამად რეზა რაჰბარ მადანი, რომლებიც ასევე ფლობენ დომინიკის პასპორტებს და არიან შამხანის ქსელის მთავარი დამფინანსებლები. ისინი ქსელს უზრუნველყოფენ ვალუტის გაცვლის სერვისით და ეხმარებიან სანქცირებული საქონლით ვაჭრობასა და შემოსავლების მიღებაში.

ირანისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ალი რახბარმადანი, შამხანის ერთ-ერთი უახლოესი ბიზნესპარტნიორი. ის დაკავშირებულია ქსელში შემავალ მრავალ, მათ შორის - სანქცირებულ კომპანიასთან.

დანიის მოქალაქე მარინ ოსტინ კაალუნდი და იტალიის მოქალაქე ალესანდრა რონკო წლების განმავლობაში იყვნენ შამხანის საზღვაო გადაზიდვებზე ზედამხედველი კომპანიის House of Shipping Investment FZCO-ს აღმასრულებლები. ისინი არიან დუბაიში მდებარე Dubai Strategy Consulting-ის თანადამფუძნებლები და მენეჯერები.

ასღარ აღილი დეჰკორდი, ირანის მოქალაქე, რომელსაც სტრატეგიული როლი აქვს შამხანის ქსელის არაერთ კომპანიაში, სანქცირებული Milavous Group-ის ჩათვლით.

სანქცირებულ პირთა შორის არიან ინდოეთის, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებიც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG